ახალი ამბები

მთავრობამ 500 გულშემატკივრის მოგზაურობა დააფინანსა

30 აგვისტო, 2011 • • 1124
მთავრობამ 500 გულშემატკივრის მოგზაურობა დააფინანსა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მხარდასაჭერად ლიტვაში დღეს, 30 აგვისტოს, 500 ადამიანი სამი ჩარტერული რეისით გაემგზავრა. ლიტვაში დაგეგმილ ღონისძიებებსა და გულშემატკივართა მოგზაურობას საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საკალთბურთო ნაკრები სლოვენიის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ D ჯგუფში ითამაშებს.

კალათბურთელთა საგულშემატკივროდ სამი ჩარტერული რეისით თბილისიდან დელეგაცია ლიტვაში, ქალაქ კლაიპედაში გაემგზავრა. გულშემატკივრებს შორის არიან: ხელოვანები, ანსამბლები და ოფიციალური პირები, მათ შორის თბილისის მერი გიგი უგულავა.

ქალაქ კლაიპედაში დაგეგმილია რამდენიმე კულტურული ღონისძიება, რომელთა ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი.

31 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილია ანსამბლების– „სუხიშვილებისა“ და „ქართული ხმების“ ერთობლივი კონცერტები, რომელიც კლაიპედას თეატრალურ მოედანზე, საგანგებოდ აგებულ სცენაზე ჩატარდება. კონცერტების ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ქალაქ კლაიპედას ერთ–ერთ  ქუჩას რამდენიმე დღით საქართველოს სახელი დაერქმევა და სწორედ ამ ქუჩაზე „ზუმბალენდის“ ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიღება გაიმართება. კულტურული პროგრამა ქართული ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნმებასაც მოიცავს.

”ნეტგაზეთი” ცდილობს გაარკვიოს, თუ რა დაჯდა 500–კაციანი დელეგაციის გამგზავრებისა და ლიტვაში გასამართი ღონისძიებების დაფინანსება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, სოფლის მეურნობის სამინისტროს მსგავსად, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად წერილობითი განცხადების წარმოდგენა მოგვთხოვა. რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, იქ განგვიმარტეს, რომ ისინი მხოლოდ სპორტის კუთხით დაგეგმვაში იღებენ მონაწილეობას, ყველა ფინანსურ საკითხს კი ორგანიზება საქართველოს მთავრობამ გაუწია. ”ნეტგაზეთი ამ დროისთვის მთავრობისგან ცდილობს აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი