იმერეთის ციხეებში პატიმრების არასათანადო და შეურაცხმყოფელ მოპყრობაზე, მათი უფლებების უხეშ დარღვევასა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საქართველოს სახალხო  დამცველის აპარატმა დღეს, 29 აგვისტოს, განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა იმერეთის რეგიონში გეგმიურად შეამოწმეს სასჯელაღსრულების  ქუთაისის N2, გეგუთის N14 და ხონის N13 დაწესებულებები.

სასჯელაღსრულების ქუთაისის N2 დაწესებულება

მონიტორინგის შედეგად, ომბუდმენის ოფისმა გამოარკვია, რომ ქუთაისის N2 დაწესებულებაში მონიტორინგის დროს 1451 პატიმარი იმყოფებოდა.  მონიტორინგის შედეგები კი იძლევა საფუძველს, ითქვას, რომ წინა წელთან შედარებით დაწესებულებაში განთავსებულ პირთა ყოფა საგრძნობლად გაუარესდა. გარდა ამისა, ბოლო დროს  თავი იჩინა პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა. სახალხო დამცხველის წარმომადგენლებთან პატიმრები აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ ხშირად უხეშად და დამამცირებლად ექცევიან, განსაკუთრებით კი  დისციპლინურ პასუხისმგებლობადაკისრებულ და კარანტინში განთავსებულ პატიმრებს. მათი თქმით, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამარტოო საკანში გადაყვანის ნაცვლად, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, პატიმართა უმეტესობა ჯერ დაწესებულების ე.წ. „ბოქსში“ გადაჰყავთ. ,,ბოქსი“ წარმოადგენს დაახლოებით 2–3 მ2  ფართის მქონე საკანს, სადაც არ არის არც მაგიდა, არც სკამი და არც საწოლი და სადაც დასჯილ პატიმრებს ათავსებენ ფეხშიშველა, საცვლების ამარა, 3–დან 24 საათამდე. ზოგიერთმა მსჯავრდებულმა ომუდმესნის ოფისის თანამშრომლებს ისიც განუცხადა, რომ პატიმრები „ბოქსში“ ჩაყვანის შემდეგ სცემეს, თუმცა აღნიშნული ფაქტების წერილობით დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს. პატიმართა გადმოცემით, ისინი თავს იკავებენ ყოველდღიური გასეირნებისგან, რადგან ყოველი გადაადგილება შესაძლებელია დაწესებულების თანამშრომლებთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს, ხოლო ისინი, ვინც მაინც სარგებლობენ ამ უფლებით, აღნიშნავენ, რომ თუ სეირნობისას ერთი პატიმარი მაინც დაარღვევს შინაგანაწესს (მაგალითად მიესალმება სხვა პატიმარს), მთელი საკანი ისჯება და ბრუნდება საკანში.

აღნიშნული პრაქტიკის არსებობა ქუთაისის N2 დაწესებულებაში დაადასტურა ომბუდმენის აპარატის მონიტორების მიერ მონახულებული პატიმრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (დაახლოებით 600 პატიმარი), რაც, მათივე აზრით, „განსაკუთრებით დამაჯერებელს ხდის აღნიშნულ ფაქტებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუთაისის დაწესებულება არის დახურული ტიპის, სადაც სხვადასხვა საკნებში განთავსებულ პატიმრებს არანაირი კონტაქტი არ აქვთ ერთმანეთთან.“

როგორც ომბუდმენის განცხადებაში ვკითხულობთ,  უკანასკნელ ხანებში სახალხო დამცველს  არაერთი კოლექტიური განცხადებით მიმართეს ქუთაისის N2 დაწესებულებაში განთავსებულმა პატიმრებმა. ისინი საუბრობენ მათი უფლებების უხეშ დარღვევაზე და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. ორ ფაქტზე, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა). 

ომბუდმენის აპარატის ცნობით, რთული მდგომარეობაა დაწესებულების კარანტინშიც, სადაც ახლად შეყვანილ პატიმრებს ათავსებენ. პატიმრების თქმით, კარის ყოველი გახმაურების დროს მათ აიძულებენ თავზე ხელებდაწყობილები დადგნენ ფანჯრისკენ სახით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ ვერ მოასწრო საწოლის მეორე სართულიდან დროულად ჩამოსვლა და ადმინისტრაციის მიერ მითითებულ მდგომარეობაში დადგომა, ისჯება მთელი საკანი. პატიმართა თქმით, ამ შემთხვევაში დასჯა გულისხმობს მათ დაჩოქებას თავზე ხელებდაწყობილ მდგომარეობაში, რაც 1–2 საათიც კი გაგრძელებულა. დაახლოებით ორი თვეა, კარანტინში მყოფი პატიმრები ვეღარ სარგებლობენ გასეირნების უფლებით. პატიმრები ასევე აღნიშნავენ, რომ ჩვეულებრივი ამბავია კარანტინის საკნიდან შემოწმებაზე გამოსვლისას თანამშრომლების მხრიდან მუცელში ან გვერდებში იდაყვების ჩარტყმა. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სასწრაფოდ გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება ქუთაისის N2 დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე დააყენოს ყველა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც გამოირჩევიან პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობით.

სასჯელაღსრულების გეგუთის N14 დაწესებულება

ომბუდმენის აპარატის ცნობით,  განსხვავებული ვითარებაა გეგუთის N14 დაწესებულებაში, სადაც მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 2693 მსჯავრდებული. პატიმრებთან გასაუბრებით სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გაარკვიეს, რომ მოპყრობა წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. დაწესებულების ადმინისტრაცია, მათ შორის, დაწესებულების დირექტორი, ცდილობს, რეგულარულად იქონიოს კონტაქტი პატიმრებთან და მაქსიმალურად უწყობს ხელს მათ ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტაში.

„დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ გეგუთი არის ერთადერთი სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც სამარტოო საკანში მყოფ (დასჯილ) პატიმრებს ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ შხაპით, ყოველდღიური გასეირნების უფლებით და იქონიონ ჰიგიენური ნივთები. მათ ასევე ძილის წინ ეძლევათ ლეიბები და გადასაფარებლები. სამარტოო საკანში განთავსებული პატიმრებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომია ექიმის მომსახურებაც. ამ ეტაპზე გეგუთის დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების ყველაზე გამოკვეთილი სურვილია სატელეფონო აპარატების დამატება და დაწესებულების ე.წ. ბარაკების ნაწილში საფეხბურთო სტადიონის აშენება,“– წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სასჯელაღსრულების ხონის N13დაწესებულება

რაც შეეხება ხონის N13 დაწესებულებას, იგი განეკუთვნება იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებათა რიცხვს, რომელთა ლიკვიდაციის რეკომენდაციაც არაერთხელ გასცა სახალხო დამცველმა.  ომბუდმენის ოფისში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული რეკომენდაცია უახლოეს მომავალში შესრულდება, რის საფუძველსაც იძლევა ის ფაქტი, რომ ხონის დაწესებულებაში, უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში, არ განხორციელებულა მსჯავრდებულთა ეტაპირება. მონიტორინგის დროს დაწესებულებაში სულ განთავსებული იყო 73 მსჯავრდებული. მოპყრობის მხრივ მსჯავრდებულები არ გამოთქვამენ პრეტენზიას, თუმცა დაწესებულებაში არსებული პირობები კვლავ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით, ნეტგაზეთი შეეცადა, მოეპოვებინა სასჯელაღსრულების სამინისტროს პოზიცია, თუმცა, სამინისტროს წარმომადგენლებთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ შევძელით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *