ახალი ამბები

მიხეილ ჯანელიძე დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა

2 აპრილი, 2016 • 1533
მიხეილ ჯანელიძე დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიგრაციის,  საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში  ევროკომისარს,  დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა. ამის შესახებ განცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

“საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში მხარდაჭერისა და ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის, რისი დასტურიცაა მისი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების  მიერ გატარებული რეფორმების  პოზიტიურად შეფასება  და მიმდინარე წლის  9 მარტს საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების მიზნით საკანონმდებლო პროცესის ინიცირება,”- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ევროკომისრის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვები დაიწყება როგორც  ევროპარლამენტში, ასევე, ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში:

“მან ხაზი გაუსვა, რომ თავის მხრივ აქტიურად გააგრძელებს ამ საკითხზე ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობას და გააძლიერებს ძალისხმევას იმისათვის, რათა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება დროულად დასრულდეს.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისათვის სანდო პარტნიორია, რასაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების ძლიერი პოლიტიკური ნება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით და მუდმივი ძალისხმევა რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის კუთხით.”

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირისა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებზე და მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი