ახალი ამბები

პრეზიდენტი ანქვაბი

27 აგვისტო, 2011 • 1005
პრეზიდენტი ანქვაბი
აფხაზეთის ახალი მეთაური ალექსანდრე ანქვაბი იქნება, რომელმაც გუშინდელ საპრეზიდენტო არჩვენებში ხმების 54,8% მიიღო. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლების 70%-მა მიიღო და აბსოლუტური უპირატესობით მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა გაიმარჯვა.
მეორე ადგილზე, ხმების 21,04%-ით, პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა გავიდა, ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ კი  ხმების 19,83% მოიპოვა.
არჩევნებში გამარჯვება ანქვაბს უკვე მიულოცა რუსეთის ფედერეციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. თავის მხრივ, ანქვაბმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამყარებას გეგმავს მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ დათქმის ფარგლებში, რომელიც დიმიტრი მედვედევთან ანქვაბის წინამორბედმა – სერგეი ბაღაფშმა გააფორმა.
ალექსანდრე ანქვაბი 1952 წლის 26 დეკემბერს დაიბადა აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში. როსტოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თავდაპირველად მუშაობდა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროში, ხოლო 1980-ან წლებში – თბილისში, ჯერ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში და შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიტგანყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
1991 წელს არჩეული იქნა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ხოლო 1992-93 წლებში ვლადისლავ არძინბას ხელისუფლებაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეჭირა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს სამხედრო ტყვეების გაცვლის კუთხით მუშაობდა.
1993 წელს მან უარი თქვა არძინბას შეთავაზებაზე, დაეკავებინა აფხაზეთის იუსტიციის მინისტრის პოსტი, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციაში გადავიდა საცხოვრებლად და, შესაბამისად, 1994-2000 წლებში მოსკოვში ბიზნეს-საქმიანობით იყო დაკავებული.
სოხუმში დაბრუნების შემდეგ ჩამოაყალიბა ოპოზიციური პარტია და 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც აპირებდა მონაწილეობას, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან კანონის შესაბამისად, მას ბოლო ხუთი წლის მანძილზე არ უცხოვრია აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაშინ ანქვაბმა სერგეი ბაღაფშის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არჩეული იქნა აფხაზეთის პრეზიდენტად.
2005 წელს ანქვაბი აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, 2009-ში კი – ვიცე-პრეზიდენტად. სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ ასრულებდა აფხაზეთის მეთაურის მოვალეობას.
2011 წლის 26 აგვისტოს არჩევნების შედეგად კი აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტად იქნა არჩეული.
საარჩევნო კამპანიის პერიოდში ”Московская правда”-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა განაცხადა, რომ 1990-ანი წლების კონფლიქტის დროს ანქვაბი ქართულ დაზვერვასთან თანამშრომლობდა და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა ქართულ მხარეს.
თავად ანქვაბმა კიტოვანის ამ განცხადებას ცილისწამება უწოდა და მისი კონკურენტის, სერგეი შამბას პროვოკაციად შეაფასა.
2005 წლიდან დღემდე ალექსანდრე ანქვაბზე ხუთჯერ განხორციელდა ტერორისტული აქტი, თუმცა აღნიშნული დანაშაულები ამ დრომდე არ გახსნილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი