ახალი ამბები

ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, შექმნას კომისია “ოდეერის” ინსტიტუტის გამოყენების შესასწავლად

1 აპრილი, 2016 • 1514
ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, შექმნას კომისია “ოდეერის” ინსტიტუტის გამოყენების შესასწავლად

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა შეისწავლოს კანონში შესული ცვლილებების შემდეგ როგორ გრძელდება ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის გამოყენება, მათ შორის იმ უწყებებში, სადაც მათი მუშაობა კანონით გამოირიცხა.

ეს რეკომენდაცია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში არის აღნიშნული. ანგარიში ომბუდსმენმა საზოგადოებას დღეს, 1 აპრილს წარუდგინა.

იგი პოზიტიურად აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც შსს–დან სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებდა. თუმცა აღინიშნავს, რომ ამ მიმართულებით კვლავ რჩება გამოწვევები, მათ შორის უსაფრთხოების სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობა.

წინგადადგმულ ნაბიჯად თვლის ომბუდსმენი იმასაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შეიცვალა ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის არსი; აღარ არსებობს უწყებათა განუსაზღვრელი წრე, საიდანაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეიძლება მიეწოდოს განუსაზღვრელი სახისა და მოცულობის ინფორმაცია; კანონით დადგინდა სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალი რისკის შემცველი უწყებების ჩამონათვალი, ასევე, კონკრეტულად განისაზღვრა ინფორმაციის კატეგორიები, რომელთა გაცვლასაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი.

“თუმცა, ამ ცვლილების მიუხედავად, 2016 წლის მარტში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავ გაჟღერდა ინფორმაცია უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების არსებობის შესახებ. ამიტომ აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციები პრაქტიკაში ზედმიწევნით შესრულდეს და არ იარსებოს საკანონმდებლო რეგულაციების მიღმა სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუტებიდან ინფორმაციის უკანონოდ მოგროვების მახინჯმა პრაქტიკამ,”- აცხადებს ომბუდსმენი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი