ახალი ამბები

რეაქცია პრეზიდენტის ქსენოფობურ გამონათქვამებზე

24 აგვისტო, 2011 •
რეაქცია პრეზიდენტის ქსენოფობურ გამონათქვამებზე

მიხეილ სააკაშვილის ქსენოფობურ გამონათქვამებთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” წერილობითი განცხადება შევიდა.

განცხადების საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა გახდა, რომელიც მან 22 აგვისტოს, ახალი ზღვისპირა კურორტის – ანაკლიის გახსნის დროს წარმოთქვა:

– “ჩვენ მტერს ყური აქვს მოდებული და სადღაც შორს კი არა, აქვე, რამდენიმე ასეულ მეტრშია.  დარწმუნებული ვარ, ისინი თავის ჩაშმორებულ
ნაწილში სხედან, ჭამენ გერკულესისა და გოროხის ფაფას, რომლის უმეტეს ნაწილს ჯარისკაცებს ოფიცრები ჰპარავენ…

იქით არიან ბარბაროსები, აქეთ კი ცივილიზაციაა; იქით არის მონღოლოიდური გადმონაშთები და იდეოლოგია, ხოლო აქ – ნამდვილი, უძველესი
კოლხური ევროპა, უძველესი ცივილიზაცია, უძველესი სიყვარული, უძველესი ნიჭიერება,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ხოლო მოგვიანებით, პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში დაამატა:

– ”აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია შეურაცხადი, ბოროტი და მონღოლოიდური ტიპის მოძალადე ძალების მიერ”.

წერილში, რომელიც “მრავალეროვანმა საქართველომ” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანა, ნათქვამია, რომ მიუღებელია საჯარო მოხელისა და პოლიტიკური პირების მიერ გარკვეული რასის (მონღოლოიდური) ნეგატიურ კონტექსტში ხსენება.

„მრავალეროვანი საქართველოს“ პრესსამსახური განმარტავს, რომ „პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თავისი საუბრის დროს იგი მოიაზრებდა არა ქვეყანას თუ ხალხს, არამედ – მის ხელისუფლებას.“

– „მიუხედავად აღნიშნულისა, გამოსვლაში მოყვანილი ფორმულირებები, რომლებიც მოიხსენიებენ ნებისმიერ სახელმწიფოს, როგორც ”ბარბაროსულს” ან ”ბრუტალურს”, ისევე, როგორც გარკვეულ რასას  (მონღოლოიდურს) მიმოიხილავენ ნეგატიურ კონტექსტში, მიუღებელია და არ უნდა იყოს გამოყენებული საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკური პირების საჯარო გამოსვლებში,“ – ნათქვამია „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს  პრეზიდენტსა და სხვა საჯარო მოხელეებს, უფრო მეტი სიფრთხილითა და ყურადღებით მოეკიდონ მსგავსი ხასიათის ფორმულირებების გაკეთებასა და ფრაზეოლოგიის გაჟღერებას საჯარო გამოსვლების დროს.

„ყოველივე ეს გახლავთ არსებითად მნიშვნელოვანი, რათა აღმოვფხვრათ ქსენოფობია და სიძულვილის შემცველი ფრაზეოლოგია ქვეყნის საზოგადოერივი და პოლიტიკური სივრციდან.

ჩვენ, ასევე, გვსურს შევახსენოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მას, ისევე, როგორც სხვა საჯარო პირებს, რამოდენიმეჯერ მივმართეთ გარკვეული ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, რათა გამკაცრებულიყო სიძულვილის შემცველ ფრაზეოლოგიაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები. დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და შესაბამის მხარეებს, რათა ყურადღება მიაქცონ და პრაქტიკული მსვლელობა მისცენ ჩვენ მიერ გაჟღერებულ ზემოაღნიშნულ ინიციატივას,“ – აცხადებს „მრავალეროვანი საქართველო“.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პრეზიდენტის პრეს-სპიკერს, მანანა მანჯგალაძეს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ადმინისტრაციაში დღეს ნამდვილად შევიდა “მრავალეროვანი საქართველოს” წერილობითი განცხადება, თუმცა საკითხის კომენტირება მან ამ ეტაპზე არ ისურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი