ახალი ამბები

თანასწორობა და რობერტ სტურუა

24 აგვისტო, 2011 • 2351
თანასწორობა და რობერტ სტურუა

საზოგადოებრივი დისკუსია, რომელიც საქართველოში რეჟისორ რობერტ სტურუას სამსახურიდან დათხოვნას მოჰყვა, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს:

● არის თუ არა რობერტ სტურუა ქსენოფობი?

● არის თუ არა მისი გამონათქვამები ქსენოფობური?

● რეჟისორი დაითხოვეს ქსენოფობური განცხადებების გამო, თუ ამის რეალური მიზეზი სტურუას ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება გახდა?

● არის თუ არა ხელისუფლება თანმიმდევრული?

ვიდრე ამ საკითხებზე დისკუსიას შევეხებოდეთ, გავიხსენოთ ფაქტები ამ ისტორიასთან დაკავშირებით:

სტურუას დათხოვნა

რუსთაველის სახლეობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუას დათხოვნის შესახებ ინფორმაცია თავად რეჟისორმა გაავრცელა 16 აგვისტოს სოციალურ ქსელში და დაწერა: მომხსნეს. მან გამოაქვეყნა კულტურის მინისტრ ნიკა რურუას შესაბამისი ბრძანებაც, რომელშიც მიზეზი განმარტებული არ იყო.

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა რეჟისორის დათხოვნის მიზეზად ბათუმში 17 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორის ბოლოდროინდელი განცხადებები დაასახელა.

“ჩვენი სახელმწიფო [საქართველო] არის მულტიეთნიკური და ის ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას”, – განაცხადა ნიკა რურუამ. შემდეგ განმარტა, რას გულისხმობდა ამაში: “ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები და მეტაფორები, რომლებსაც ბატონი სტურუა იყენებდა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს ჩვენი თანამოქალაქეების, სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების მიმართ”.

რა გამონათქვამებზეა საუბარი?

ინტერვიუში, რომელიც რომელიც რობერტ სტურუამ რამდენიმე თვის წინ  „საქინფორმს“ მისცა, სტურუა აკრიტიკებს ხელისუფლებას და ამბობს:

„ბათუმში გახლდით. თქვენ გგონიათ, ეს გზები გაკეთებულია? აღმოჩნდა, რომ უკვე გაფუჭებულია ყველაფერი. ავტობანის შემდეგ ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე იწყება გაფუჭებული გზები. კინაღამ ავარიაში მოვყევით. უგემოვნობის გარდა, არაფერია გაკეთებული. ბათუმი „თურქულ ჩეჩმუსად“ გადააქციეს.

ჟურნალისტი: ეს დამოკიდებულებაა გასაკვირი, რაღაც სიყვარული შენი ხალხისადმი, რომ შენიანია, არ უნდა ჰქონდეთ?

სტურუა: სომეხია და რა ვქნათ… ეს ხომ არ არის დამალული?“

ასეთი კონტექსტის მიუხედავად, სტურუამ შემდეგ “განმარტა”, რომ ამ ფრაზაში მხოლოდ  ის იგულისხმა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მალავს თავის ეთნიკურ წარმომავლობას. თუმცა მოგვიანებით სტუდია “ობიექტივის” ეთერში სტურუამ ასევე განაცხადა,  რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს მხოლოდ ეთნიკური ქართველი, რუსთაველის თეატრში გამართულ შემოქმედებით საღამოზე კი თქვა:

„რატომ გვიკვირთ, რომ ადამიანები ვერ იტანენ სხვა ერის წარმომადგენლებს? ბუნებაში დევს რაღაც ისეთი, რასაც უნდა შევებრძოლოთ, დამალვით კი მხოლოდ ვითვალთმაქცებთ. წარმოიდგინეთ ახლა, რომ გითხრათ: როგორ მიყვარს ზანგები! ხომ შეიძლება ისინი სულაც არ მიყვარდეს, იმიტომ კი არა, რომ ზანგები არიან, არამედ იმიტომ, რომ ოდნავ უკან დგანან ჩემზე კულტურის მხრივ.“

სწორედ ამ გამონათქვამებს მოჰყვა კრიტიკა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.  ივნისში  ორგანიზაციამ  “მრავალეროვანი საქართველო”  წერილი გაუგზავნა კულტურის მინისტრს, ნიკოლოზ რურუას  და თხოვა გამოეხატა პოზიცია რობერტ სტურუას ბოლოდროინდელი განცხადებების გამო. ამ მიმართვას  რურუა აგვისტომდე არ გამოხმაურებია.

არის თუ არა სტურუა ქსენოფობი და მისი  განცხადებები ქსენოფობური?

ეს, როგორც  ზემოთ ავღნიშნეთ, საზოგადოებრივი დისკუსის ერთერთი მთავარი საკითხია. ისინი, ვინც სტურუას აკრიტიკებენ, სადავოდ არ მიაჩნიათ რეჟისორის განცხადების ქსენოფობურობა და მას საშიშად მიიჩნევენ, რადგან ცნობილი რეჟისორი უფრო დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე და შესაბამისად ქსენოფობია, განსაკუთრებით ეთნიკური სომხების მიმართ, რომელიც ისედაც მძლავრია საქართველოში, უფრო საშიში ხდება. სამოქალაქო სექტორი მიუთითებს  კონსტიტუციაზეც, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ეთნიკური კუთვნილების საქართველოს მოქალაქე შეიძლება გახდეს პრეზიდენტი.

სტურუას “მხარდამჭერები” აცხადებენ, რომ რეჟისორის გამონათქვამები არ ყოფილა ქსენოფობური, ანუ არ შეიცავდა სიძულვილის ენას ეთნიკური წარმომავლობის გამო.   რეჟისორის გასამართლებლად სტურუასვე “განმარტებას” იშველიებენ  და ამბობენ, რომ არაფერია ქსენოფობური იმაში, თუკი დაინტერესდები, რა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება პრეზიდენტი და რომ ეს ინტერესი არის ლეგიტიმური.

მაგალითად, 18 აგვისტოს კულტურის სამინისტროსთან სტურუას მხარდამჭერ აქციაზე მისულმა ცნობილმა მწერალმა ნაირა გელაშვილმა განაცხადა, რომ სასაცილოა რობერტ სტურუას დადანაშაულება ქსენოფობიაში:

– “ამ მიტინგზე ტაქსით მოვდიოდი და ტაქსის მძღოლი იყო სომეხი. და მითხრა, ყველა ნორმალურმა სომეხმა კარგად იცის, რა იგულისხმა სტურუამო და ეს არავის არ გაუგია ჩვენ საწინააღმდეგოდო. უბრალოდ ასე გავიგეთო, რომ თუ ადამიანი არის სომეხი, რატომ მალავს, რომ სომეხია. ასე გავიგეთ ჩვენ ყველამ. და რა იგულისხმა ახლა სინამდვილეში, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, ვინ ამბობს? გამომდინარე მისი [სტურუას] მრწამსიდან, შემოქმედებიდან, ცხოვრებიდან”…

ნაიარა გელაშვილმა სამოქალაქო სექტორიც კი გააკრიტიკა სტურუას განცხადებებზე “აწიწინების” გამო. მწერლის  ამ განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქსენოფობური განცხადებების განსაზვრისას საზოგადოებამ უნდა იხელმძღვანელოს განცხადების ავტორის ვინაობით, ცხოვრებით და არა თავად განცხადების ფორმულირებით. სხვათა შორის, დაახლოებით ასეთი ლოგიკა ჰქონდათ საჯარო დისკუსიების დროს იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გამონათქვამი “ზანგები” არ იყო რასისტული, რადგან მიხეილ სააკაშვილი არ არის რასისტი.

ჯერჯერობით არავის უსაუბრია რობერტ სტურუას შემოქმედებაში ქსენოფობიაზე. კინომცოდნე ნინია კაკაბაძე ამბობს, სტურუა რომ ქსენოფობი იყოს, ერთხელ მაინც გამოჩნდებოდა მის შემოქმედებაშიო. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სტურუას ეს გამონათქვამები იყო ერთგვარი ეპატაჟი რეჟისორისა, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ.

რობერტ სტურუა  დაითხოვეს ქსენოფობური განცხადებების გამო, თუ ამის რეალური მიზეზი სტურუას ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება გახდა? არის თუ არა ხელისუფლება თანმიმდევრული?

“ნეტგაზეთი” დაინტერესედა,  რას ფიქრობენ მოქალაქეები რობერტ სტურუას სამსახურიდან დათხოვნის მიზეზებზე და სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”  მომხმარებლებს გამოკითხვა შესთავაზა. ეს გამოკითხვა ცხადია არ არის რეპრეზენტატული, თუმცა მისი შედეგები მაინც საინტერესოა.

მაგალითად, დღეისათვის ამ გამოკითვაში მონაწილე 462 ადამიანი ფიქრობს, რომ სტურუა დაითხოვეს ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული დამოკიდებულების გამო  და მხოლოდ 58 ადამიანს მიაჩნია, რომ ის ქსენოფობური გამონათქვამების გამო დაითხოვეს.

ეს პასუხები, ალბათ, უფრო ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიმართ უნდობლობას ასახავს და მას რამდენიმე გარემოება კვებავს:

● რობერტ სტურუა პირველია საქართველოში, რომლის დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად ქსენოფობური გამონათქვამები დაასახელეს;

● რობერტ სტურუა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და ამას არ მალავს;

● არსებობს საზოგადოებრივი განწყობაც და კონკრეტული ფაქტებიც, როცა ხელისუფლება განსხვავებული აზრის მიმართ შემწყნარებელი არ არის;

● ბესო ჯუღელი, წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მმართველი ნაციონალური მოძრაობიდან არავის დაუსჯია მისი ცნობილი არმენოფობური გამონათქვამის გამო.

● თავად პრეზიდენტ სააკაშვილსაც “წამოცდა”  რასისტული განცხახადება და ბოდიში არ მოუხდია, არამედ განმარტა, რომ ეს არ იყო რასისტული გამონათქვამი;

● რობერტ სტურუა მსოფლიოში ცნობილი რეჟისორია;

ეს გარემოებები ცხადია მნიშვნელოვანია. ისევე, როგორც კითხვები თანასწორობაზე და არა მხოლოდ, რომელსაც სწორედ ზემოთმოყვანილი გარემოებები აჩენს და უნდა დავსვათ კითხვა – ეპატიებათ თუ არა დიდი და ცნობილ ადამიანებს სიძულვილი, თუნდაც ირაციონალური, სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ?

თუკი კანის ცნობილი კინოფესტივალი პერსონა ნონ გრანტად აცხადებს ლანს ფონ ტრიერს ფრაზისთვის, რომ “ჰიტლერი უყვარს” (სხვათა შორის, ლანს ფონ ტრიერზეც თქვეს, რომ მისი ეს არაპოლიტკორექტულობა ეპატაჟი იყო), რატომ ითვლება საქართველოში – “ხომ უნდა ვიფიქროთ, ვინ ამბობს”?

ეპატიებათ თუ არა ცნობილ ან არაცნობილ ადამიანებს ქსენოფობია, სხვა ადამიანების დამცირება ეპატაჟისთვის?

არიან თუ არა მართლაც თანასწორნი საქართველოს მოქალაქეები ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, როგორც ეს კონსტიტუციაშია?

სტურუას ქსენოფობურმა გამონათქვამებმაც ხომ არ შეუწყო ხელი, წაახალისა ის არმენოფობური გამონათქვამები და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობები, რაც მოყვა საკონონმდებლო ცვლილებებს რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით?

სტურუა ქსენოფობური გამონათქვამებისთვის რატომ არ დაითხოვეს ივნისშივე და შეამცირებდა თუ არა ეს ქსენოფობურ ტალღას ივლისის საქართველოში?

რა მოხდება, რომ სტურუამ გააგრძელოს სპექტაკლების დადგმა რუსთაველის თეატრში? ის ხომ მხოლოდ სამხატვრო ხელმზღვანელის თანამდებობიდან დაითხოვეს?  თუ სპექტაკლების დადგმის საშუალებას არ მისცემენ, ხომ ნათელი იქნება, რომ განსხვავებული აზრების გამო დასაჯეს. ჰოდა, რატომ არ უნდა მოუნდეს დიდ რეჟისორს ამის ცდა? თუ ისედაც ნათელია?

არის ისედაც ნათელი ყველაფერი?

იფიქრებს ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან სააკაშვილის რასისტულ გამონათქვამზე?

გაბედავს სტურუას დათხოვნის მერე ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, გააკეთოს ქსენოფობური, ჰომოფობური განცხადებები?

ეს ბოლო კითხვა ხომ არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის განვითარებისთვის რობერტ სტურუას სამსახურიდან დათხოვნა ქსენოფობური გამონათქვამების გამო არის ძალიან სასარგებლო?

მგონია, რომ ნიშნავს. და, აი, რატომ:

ორიოდ დღის წინ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა განათავსა ფოტო გაზეთისა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ცნობილ მომღერალს ნინი ბადურაშვილს ჰიტლერი უყვარს. ჯანგირაშვილმა  ფოტოს მიაწერა: “საქართველოში პოლიტკორექტულობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებასთან დაკავშირებით მოვითხოვ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დაიხარჯოს ამ გოგოს ჰონორარებზე, ვინაიდან ეს იქნება ფაშიზმის დაფინანსება. იმედია, რურუა [კულტურის მინისტრი] გაითვალისწინებს, ამოაგდებს ამ გოგოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კონცერტების შემადგენლობიდან და მოუხსნის სახელმწიფო ჰიმნის მთავარი შემსრულებლის სტატუსს”.

ჰოდა, დავაკვირდეთ ნინი ბადურაშვილის საკონცერტო ცხოვრებას!

მასალების გადაბეჭდვის წესი