ახალი ამბები

მიხეილ ავაქიანი: ”ორმა ახალგაზრდამ სომხურ ეკლესიაში სახარება დახია”

23 აგვისტო, 2011 • • 1643
მიხეილ ავაქიანი: ”ორმა ახალგაზრდამ სომხურ ეკლესიაში სახარება დახია”

ავლაბრის მოედანზე მდებარე სომხურ ეკლესიაში 19 აგვისტოს ორმა ახალგაზრდამ  სახარება დახია, ეკლესიის კარზე გაკრული წარწერები დაწვა და იქ მყოფ სომხებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელის თანაშემწემ, მიხეილ ავაქიანმა განუცხადა.

როგოროც ავაქიანი ამბობს, შემთხვევა 19 აგვისტოს, 16:00 საათზე, მოხდა. ამ დროს ეკლესიაში მხოლოდ დამლაგებელი, სანთლების გამყიდველი და მრევლის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა.

”ერთ-ერთი მათგანი მიუახლოვდა ამბიონს, სადაც განთავსებული იყო მრავალსაუკუნოვანი სახარება. აგრესიულად ფურცლავდა და თან სომხების შეურაცხმყოფელ ფრაზებს ისროდა ქართულად, მერე კი რამდენიმე ფურცელი ამოხია,” – თვითმხილველებზე დაყრდნობით ჰყვება მიხეილ ავაქიანი. მისივე თქმით, ეკლესიის კედელზე გაკრული იყო საეკლესიო კალენდარი და მგალობელთა გუნდის განცხადება, რომელიც მალე თბილისში ჩამოდის. ავაქიანის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ეს განცხადება ჩამოხია და დაწვა, შემდეგ სომხური  სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის ტახტზე ჯერ დაჯდა, შემდეგ კი ზედ ფეხებით შედგა, თან სომხებს ლანძღავდა.

მიხეილ ავაქიანის თქმით, მას მომხდარის შესახებ ეკლესიიდან დაუყოვნებლივ შეატყობინეს, რის შემდეგაც პოლიცია თავად გამოიძახა. ადგილზე მისულმა პოლიციამ თვითმხილველები დაკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, შოთა ხიზანიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, დაკავებული ჯერ არავინ არის.

”ეს ფაქტი არის შეურაცხმყოფელი და იმ ანტისომხური მოქმედებების შედეგი, რაც ბოლო დროს ხდება ქართულ მედიასა და საზოგადოებაში. ეს ანტისომხური კამპანია კი სომხეთის პრეზიდენტისა და პატრიარქის საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაძლიერდა,” – ამბობს მიხეილ ავაქიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში,” – გარდა ამისა, როცა რელიგიური ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით მედიაში სტატიები იწერებოდა, აქცენტი მუდმივად  კეთდებოდა  სომხურ ეკლესიაზე, არადა, ეს კანონი თანაბრად ეხება როგორც სომხურ, ისე კათოლიკურ და სხვა ეკლესიებს. გარდა ამისა, ანტისომხური, სომხებისთვის შეურაცხმყოფელი წარწერები იყო გაკეთებული ავლაბარში, ერთ-ერთი ქუჩის კედელზე. ეს ყველაფერი მედიაში აგორებული ანტისომხური ისტერიის, ასევე, ცალკეული ქართველი სასულიერო პირებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლების მიერ ანტისომხური ქმედებების შედეგია, რომელიც, ასევე, მიუთითებს არსებულ არაჯანსაღ გარემოზე.”

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტები შეურაცხმყოფელია როგორც ეროვნებით სომეხი მოსახლეობისთვის, ისევე სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიისთვის.

”ჩვენ ამ ქვეყნის ისეთივე მოქალაქეები ვართ, როგორც სხვები და საქართველოში მცხოვრები სომხები არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება,” – ამბობს მიხეილ ავაქიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი