ახალი ამბები

რუსეთი: “26 აგვისტოს საქართველო ოსეთში პროვოკაციას გეგმავს”

23 აგვისტო, 2011 • • 1038
რუსეთი: “26 აგვისტოს საქართველო ოსეთში პროვოკაციას გეგმავს”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს,  23 აგვისტოს, ავრცელებს განცხადებას, სადაც საუბარია 26 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხინვალის მისადგომებთან მასშტაბური პროვოკაციის მოწყობის შესახებ.

„ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება 26 აგვისტოს, სამხრეთ იოსეთის აღიარების სამი წლის თავზე, აპირებს მოაწყოს „მშვიდობის მარში“ სოფელ ოძისიდან ლენინგორისკენ მიმავალ გზაზე,“ – წერია რუსეთის საგარეო უწყების სპეციალურ განცხადებაში. იგივე უწყება ირწმუნება, რომ „სამშვიდობო მარშში“ მონაწილეობას მიიღებენ წეროვანში ჩასახლებული დევნილები, ასევე ახმეტის რაიონში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები, სულ – 3 ათასამდე ადამიანი.

„ამ აქციის სცენარი გულისხმობს არაკანონიერ, მასობრივ შეჭრას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების ლოზუნგით,“– აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. იგივე სამინისტრო ამტკიცებს, რომ “მშვიდობის მარშს” ორგანიზებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უწევს. მათი თქმით, სუბელიანის უწყება  დევნილთა კომპაქტური ჩასახლების მცხოვრებთ მქუარითა და ზეწოლით აიძულებს „მშვიდობის მარშში“ მონაწილეობის მიღებას.

„თბილისის უპასუხისმგებლო და პროვოკაციული იდეა სახიფათოა,“ – წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, „ეს რეგიონში არსებული ისედაც მყიფე სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.“

„მკაცრად ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს რეგიონში ახალი ავანტიურისგან,“ – წერია რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ განცხადებას საქართველოს შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, შოთა უტიაშვილი “აბსურდულსა და არარეალურს” უწოდებს და მას სერიოზულად არ აღიქვამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი