ახალი ამბები

აქცია რობერტ სტურუას მხარდასაჭერად

18 აგვისტო, 2011 • 1113
აქცია რობერტ სტურუას მხარდასაჭერად

დღეს, 18 აგვისტოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეკრებილი 200–მდე მოქალაქე რობერტ სტურუას თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვდა.

სტურუას სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი, რომელიც მინისტრმა ნიკა რურუამ დაასახელა, აქციის მონაწილეებისთვის  გაუგებარი აღმოჩნდა.

აქციის მონაწილეებმა რობერტ სტურუას გამონათქვამებში ქსენოფობური ვერაფერი დაინახეს.

“ვითომ, რა თქვა ისეთი სტურუამ? არაფერი მიზეზი ეგ არ არის. ეს არის საბაბი მხოლოდ. სომეხ ადამიანზე რომ თქვა, რომ სომეხია, ეს ქსენოფობიაა?–კითხულობდნენ ისინი.

“სასაცილოა, მას დააბრალო ფაშიზმი, ქსენოფობია, რასიზმი და სხვა. მაშინ, როდესაც ზვიადიზმის სახით ქსენოფობიაც იყო გამეფებული, რომელმაც წალეკა ქვეყანა, ამას პირველ რიგში რობიკო უპირისპირდებოდა”, –ამბობს აქციაზე მისული კავკასიური სახლის ხელმძღვანელი, მწერალი ნაირა გელაშვილი.

ნაირა გელაშვილით თქმით, სტურუას ნათქვამი არასწორად იყო გაგებული.

რეჟისორმა ზაზა სვანიძემ სამინისტროს კარზე გააკრა პლაკატი წარწერით “რეჟისორია სტურუა, მხედრიონელო რურუა”. სვანიძემ რურუას მკვლელი უწოდა და მისგან რობერტ სტურუას თანამდებობაზე დაბრუნება მოითხოვა.

“მხედრიონელი მკვლელი რურუა არ უნდა ღებულობდეს ასეთ გადაწყვეტილებებს. ჩვენი ხმა უნდა მივიდეს რურუას კაბინეტამდე, რომ მან მსოფლიო დონის რეჟისორი დაუყოვნებლივ თანამდებობას დაუბრუნოს”, –განაცხადა ზაზა სვანიძემ.

აქციაზე, მსახიობებისა და რეჟისორების გარდა, ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსები, დევნილთა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირებიც მივიდნენ.

“წმინდა გიორგის სადროშოს” წევრის, ელიზბარ დიაკონიძის თქმით, მასაც აბრალებდნენ ქსენოფობიასა და არმენოფობიას.

“ეს არც ქსენოფობიაა და არც არმენოფობია. ეს არის სამშობლოს სიყვარული. ქართველები უნდა ვაკეთებდეთ ქართულ საქმეს და არა სხვა ეროვნების ადამიანები. აბა, სომხეთში დანიშნონ თანამდებობზე ქართველები”, –ამბობს ელიზბარ დიაკონიძე.

“ჯერ პრეზიდენტმა აგოს პასუხი თავის რასისტულ გამონათქვამებზე და მერე ვილაპარაკოთ სტურუაზე”, –განაცხადა რუსთაველის თეატრის მსახიობმა ბესო ზანგურმა, რომელმაც თქვა, რომ დასის დატოვებას აპირებს, თუკი სტურუას თანამდებობაზე არ დააბრუნებენ.

აქციაზე მისული სტურუას მხარდამჭერები ძირითადად მის, როგორც რეჟისორის, გენიალობაზე და შემოქმედებაზე საუბრობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი