ახალი ამბები

კორძაია: ქსენოფობური გამონათქვამების გამო სამსახურიდან დათხოვნა კანონიერია

17 აგვისტო, 2011 • 1085
კორძაია:  ქსენოფობური გამონათქვამების გამო  სამსახურიდან დათხოვნა კანონიერია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია განმარტავს, რომ ქსენოფობური გამონათქვამების გამო, თუკი მართლაც ახდენდა მათ ტირაჟირებას რობერტ სტურუა, სამსახურიდან დათხოვნა  კანონიერი იყო.

“ყველა საჯარო თუ კერძო სამსახურს აქვს თავისი ქცევის წესები თუ ეთიკური სტანდარტები. შესაბამისად, ნებისმიერი თანამშრომელი იღებს ვალდებულებას, რომ დაიცავს ამ ვალდებულებასა და წესებს. თუ თანამშრომელი დაარღვევს ამა თუ იმ წესს, მაშინ შესაძლოა ის პასუხისმგებლობის წინაშე დადგეს. ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება. სამსახურიდან დათხოვნაც სასჯელის ერთ–ერთი ზომაა.  ამიტომ, თუ ადგილი ჰქონდა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, ამის გამო შესაძლებელია პასუხი აგოს თანამშრომელმა, რადგან ნებისმიერ საერთაშორისო აქტი  და ჩვენი კოსტიტუციაც ცალსახად ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

რობერტ სტურუას სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებაში მითითებული მუხლი არის კულტურის მინისტრის უფლებამოსილება, დანიშნოს და გაათავისუფლოს პირი. მაგრამ ამ ბრძანებაში არ არის მითითებული, რის საფუძველზე გაათავისუფლა მან იგი, კანონის რომელი მუხლის დარღვევის საფუძველზე.  ბრძანებაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო სამსახურიდან დათხოვნის დასაბუთება.”, –ამბობს თამარ კორძაია.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ დღეს განაცხადა, რომ რეჟისორი რობერტ სტურუა  რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ქსენოფობური განცხადებების გამო დაითხოვა

განცხადებები, რომლებზეც კულტურის მინისტრი საუბრობს, რობერტ სტურუამ დაახლოებით სამი თვის წინათ გააკეთა.

რეჟისორმა ინტერვიუ მისცა „საქინფორმს“, რომელშიც აკრიტიკებს ხელისუფლებას და ამბობს:

სტურუა: „ ბათუმში გახლდით. თქვენ გგონიათ, ეს გზები გაკეთებულია? აღმოჩნდა, რომ უკვე გაფუჭებულია ყველაფერი. ავტობანის შემდეგ ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე იწყება გაფუჭებული გზები. კინაღამ ავარიაში მოვყევით. უგემოვნობის გარდა, არაფერია გაკეთებული. ბათუმი „თურქულ ჩეჩმუსად“ გადააქციეს.

ჟურნალისტი: ეს დამოკიდებულებაა გასაკვირი, რაღაც სიყვარული შენიხალხისადმი, რომ შენიანია, არ უნდა ჰქონდეთ?

სტურუა:  სომეხია და რა ვქნათ… ეს ხომ არ არის დამალული?“

სწორედ ამ ბოლო გამონათქვამის გამო საზოგადოების ნაწილმა სტურუა მკაცრად გააკრიტიკა, და ქსენოფობიასა და არმენოფობიაში დაადანაშაულა.

რობერტ სტურუას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება 9 აგვისტოსაა გამოცემული და მასში მითითებულია, რომ სტურუა სამსახურიდან 2011 წლის 15 აგვისტოდან დათხოვნილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი