
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ დღეს განაცხადა, რომ რეჟისორი რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ქსენოფობური განცხადებების გამო დაითხოვა.
“პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული საკითხია, ვინაიდან ჩვენი სახელმწიფო არის მულტიეთნიკური და ის ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენობოფიას.
ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები და მეტაფორები, რომლებსაც ბატობი სტურუა იყენებდა მრავალრიცხოვან ინტერვიუების განმავლობაში ჩვენი თანამოქალაქეების, სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ. ეს, ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო, მაგრამ პრინციპული გადაწყვეტილებაა.
ტირაჟირებულ ქსენოფობიას მწვანე შუქი არ უნდა აენთოს დემოკრატიულ ქვეყანაში, მეტადრე იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს ყველაფერი ნაგემი აქვს თავის თავზე. ერების დაყოფა კარგ და ცუდ ერებად, ადამიანების დაყოფა კლასებად– ეს იყო ბოლშევიკების დროს. ეს ბატონმა სტურუამ კარგად იცის, ის იცნობდა ბოლშევიკებს. ამას აკეთებდნენ ნაცისტები თავის დროზე. როცა კაცობრიობა გათავისუფლდა ამისგან, შემდეგ იყო ის პროვოცირებული ეთნოკონფლიქტები, რომელსაც ემსხვერპლა ბევრი ადამიანი და ჩევნც ვიწვნიეთ ჩვენს თავზე რა არის ეთნოცენტრიზმი.
ჩვენი დაუძინებელი მტერი ამით აუცილებლად ისარგებლებს თუ ამის საშუალებას მივცემთ. ამიტომაც ჩემთვის არ იყო ადვილი გადასაწყვეტი, მაგრამ ვალდებულება არასასიამოვნო რაღაცეებისგან შედგება. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ადამიანს რომელსაც ასეთი ღირებულებათა სისტემა აქვს, არ ეკავოს საკვანძო სახელმღვანელო თაბამდებობა.
გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად. სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი რჩება, მაგრამ ვინ დაიკავებს მას, ჯერ არ გადაგვიწყვეტია”.
განცხადებები, რომლებზეც კულტურის მინისტრი საუბრობს, რობერტ სტურუამ დაახლოებით სამი თვის წინათ გააკეთა.
რეჟისორმა ინტერვიუ მისცა „საქინფორმს“, რომელშიც აკრიტიკებს ხელისუფლებას და ამბობს:
სტურუა: „ ბათუმში გახლდით. თქვენ გგონიათ, ეს გზები გაკეთებულია? აღმოჩნდა, რომ უკვე გაფუჭებულია ყველაფერი. ავტობანის შემდეგ ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე იწყება გაფუჭებული გზები. კინაღამ ავარიაში მოვყევით. უგემოვნობის გარდა, არაფერია გაკეთებული. ბათუმი „თურქულ ჩეჩმუსად“ გადააქციეს.
ჟურნალისტი: ეს დამოკიდებულებაა გასაკვირი, რაღაც სიყვარული შენი ხალხისადმი, რომ შენიანია, არ უნდა ჰქონდეთ?
სტურუა: სომეხია და რა ვქნათ… ეს ხომ არ არის დამალული?“
სწორედ ამ ბოლო გამონათქვამის გამო საზოგადოების ნაწილმა სტურუა მკაცრად გააკრიტიკა, და ქსენოფობიასა და არმენოფობიაში დაადანაშაულა.
თავად რეჟისორმა 13 ივლისს მედია-კავშირ “ობიექტივთან” საუბრისას განაცხადა, რომ ის თეატრიდან საკუთარი ნებით არ წავიდოდა: “მე ტრადიციას არ დავარღვევ… ჩვენი თეატრის ხელმძღვანელები, ზოგი დაიჭირეს და ზოგიც დახვრიტეს. ჰოდა, რადგანაც იმუქრებიან, კეთილი ინებონ და მეც თავად გამიშვან თანამდებობიდან”.
ჟურნალისტების კითხვას, ექნება თუ არა სტურუას საშუაალება, რომ დარჩეს თეატრში რეჟისორად, ნიკა რურუამ ასე უპასუხა: “რა თქმა უნდა ექნება, რეჟსორად მუშაობისთვის დანიშვნა და მოხსნა არ არსებობს, ამიტომაც ის შეძლებს თუ ამის სურვილი ექნება”.
