ახალი ამბები

თეატრისთვის სამხატვრო ხელმძღვანელი კანონით აუცილებელი არაა

17 აგვისტო, 2011 • 962
თეატრისთვის  სამხატვრო ხელმძღვანელი კანონით აუცილებელი არაა

რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან  დათხოვნის შემდეგ აქტუალური კითხვაა, ვინ გახდება თეატრის ახალი ხელმძღვანელი.

თუმცა შესაძლოა, როგორც რუსთაველის, ისე სხვა ნებისმიერ თეატრს საქართველოში, კანონის მიხედვით არც ჰყავდეს სამხატვრო ხელმძღვანელი.

სახელმწიფო თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით (მე–7 მუხლი), ”სახელმწიფო თეატრს სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო ხელმძღვანელი.”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივან თათული თოდუას განმარტებით,  ეს პუნქტი იმას ნიშნავს, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არ ჭირდება არავითარი საკანონმდებლო ცვლილება იმისათვის, რომ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა გააუქმოს.

კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი, მისთვის ამ მუხლით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს ახორციელებს თეატრის მმართველი.”

ასე რომ, კანონის მიხედვით, რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა 15 აგვისტოდან ასრულებს იმ უფლება–მოვალეობებს, რაც რობერტ სტურუას, როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ჰქონდა.

თავად ჩიქობავამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ამჟამად ვაკანტურია.

ცნობილი არ არის რობერტ სტურუას გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი, თუმცა, ამჟამად არსებული შრომის  კანონმდებლობის მიხედვით, დამსაქმებელს (ამ შემთხვევაში კულტურის სამინისტროს) უფლება აქვს, არ განუმარტოს სტურუას გათავისუფლების მიზეზი.

კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგის გამართვას 15.00 საათზე  ბათუმში გეგმავს. რეჟისორი რობერტ სტურუა კი ჟურნალისტებთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი