ახალი ამბები

ნადირობის სეზონი იხსნება

17 აგვისტო, 2011 • 12136
ნადირობის სეზონი იხსნება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 20 აგვისტოდან გაიხსნება. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ავრცელებს.

ნადირობისას მსურველებმა თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი ნებართვა.

სამინისტროს მიერ დადგენილია სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები: მწყერი – 20 ცალი, გარეული მტრედი -10 ცალი, ჩიბუხა – 5 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი -10 ცალი, ქედანი -10 ცალი, გულიო (გვიძინი) -10 ცალი (ნადირობის ვადა 20 აგვისტოდან 15 თებერვლამდე). ასევე, ტყის ქათამი – 7 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე) და წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – სულ 8 ცალი (ნადირობის ვადა 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე).

ნადირობა აკრძალულია დაცული ტერიტორიების გარშემო 500- მეტრიან ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

ნადირობისთვის დაშვებული იარაღებია: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცხელი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი. აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა.

ნადირობის დროს აკრძალულია: მცენარეული საფარის დაწვა; გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება; ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების, ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე, ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე, მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

ნადირობა, გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარის (დედანის) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად და ისჯება კანონით.

მასალების გადაბეჭდვის წესი