ახალი ამბები

მტკვრის მკვდარი თევზები

16 აგვისტო, 2011 • 1699
მტკვრის მკვდარი თევზები

მეორე დღეა თბილისში მდინარე მტკვარს დახოცილი თევზები მოაქვს. რა არის თევზების დახოცვის მიზეზი, ამას უახლოეს დღეებში თევზისა და წყლის ქიმური ანალიზის პასუხი აჩვენებს.

მანამდე თევზის დახოცვის შესაძლო მიზეზად „ჟანგბადის უკმარისობას ან მტკვრის დაბინძურებას“  ასახელებენ.

„სანამ არ იქნება ანალიზის პასუხი, მანამდე მიზეზებზე ვერ ვილაპარაკებთ. თუმცა, ყველაზე მეტად მტკვრის დაბინძურების მიზეზი განიხილება“, –ამბობენ „მწვანე ალტერნატივაში“.

მიზეზებზე არ საუბრობენ ასევე გარემოს ეროვნული და ბუნებრივი რესურსების სააგენტოშიც.

„ასეთი რამე არ მახსოვს, წლებია აქ ვმუშაობ. ფაქტია, რომ მტკვარი მოწამლულია რაღაც შხამ–ქიმიკატით. კონკრეტულად სად ჩაიღვარა ნივთიერება, არ ვიცი. შეიძლება თურქეთშიც“, –ამბობს “მშრალ ხიდზე” ანკესებით მოვაჭრე.

ნაპირებზე დახოცილი თევზი მტკვარმა დიდი რაოდენობით გუშინ, 15 ივლისს, საღამოს გამორიყა. მოქალაქეებს მტკვრის ნაპირებზე გამორიყული თევზებიდან შედარებით მსხვილი თევზები საჭმელად მიქონდათ.

დახოცილი თევზი მტკვრის ნაპირებზე დღესაც ბევრი ყრია.

მეთევზეები კი მოქალაქეებს ურჩევენ, მკვდარი თევზი იქამდე მაინც არ ჭამონ, სანამ ანალიზის პასუხი ცნობილი არ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი