ახალი ამბები

სასტუმრო „აფხაზეთიდან“ დევნილებს ასახლებენ

15 აგვისტო, 2011 •
სასტუმრო „აფხაზეთიდან“ დევნილებს ასახლებენ

გამთეენიიდან მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები თბილისში, სასტუმრო „აფხაზეთთან“, საიდანაც დევნილების გამოსახლება მიმდინარეობს. ისინი სამართალდამცავებს წინააღმდეგობას არ უწევენ.

პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული შენობასთან და იქ ჟურნალისტებს შესვლის საშუალებას არ აძლევს.   გამოსახლების პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, რადგან დევნილთა უმრავლესობა დათანხმდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინადადებას, მიეღოთ 10 ათასი აშშ დოლარი კომპენსაციის სახით.

დევნილები ამბობენ, რომ დათანხმდნენ ამას, რადგან შეეშინდათ, „ესეც არ დაეკარგათ“.

ამჟამად უცნობია, სად მიდიან სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილები – ზოგიერთი აცხადებს, რომ ნათესავთან, ზოგი ამბობს, რომ ავტოფარეხი დაიქირავეს.

21 წელია 300– მდე დევნილი ოჯახი ცხინვალიდან ვაჟა–ფშაველას გამზირზე, ყოფილ სასტუმრო “აფხაზეთში” ცხოვრობს. მათ  6 აგვისტოს  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან ერთგვერდიანი გაფრთხილება მიიღეს.

გაფრთხილების წერილის მიხედვით, დევნილებს შენობის დასაცლელად  10– დღიანი ვადა მიეცათ, ამიტომაც „აგვისტოს 10 დღე“ დევნილების საპროტესტო აქციის ერთ–ერთი ლოზუნგი გახდა.

პარასკევს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სასტუმრო „აფხაზეთს“ უკვე ჰყავს ინვესტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი