ახალი ამბები

ომბუდსმენი დაგეგმილ დევნილთა განსახლებაზე სუბელიანს მიმართავს

12 აგვისტო, 2011 • 1094
ომბუდსმენი დაგეგმილ დევნილთა განსახლებაზე  სუბელიანს მიმართავს

სახალხო დამცველის ინფორმაციით შენობებს თბილისში, საიდანაც დევნილტა განსახლება იგეგმება, უკვე ჰყავს ინვესტორი.

ამის შესახებ გიორგი ტუღუშის დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საუბარია თბილისში მდებარე ორ  კოლექტიური ცენტრზე –  სასტუმრო „აფხაზეთსა”, და ,,კურორტოლოგიის ინსტიტუტზე“, სადაც მცხოვრებმა დევნილებმა უკვე მიიღეს  გაფრთხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან.

საქართველოს სახალხო დამცველის გავრცელებულ მიმართვაში წერია, რომ  ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებმა მონიტორინგი განახორციელეს აღნიშნულ ობიექტებში:

„ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრებ დევნილებს შესთავაზეს ან რუსთავში მშენებარე კორპუსში განსახლება, რომლის დასრულებამდეც დევნილებს სთავაზობენ ბინის ქირის გადახდას, ან ოჯახს 10 000 დოლარის ეკვივალენტ თანხას; რაც შეეხება ,,კურორტოლოგიის ინსტიტუტს“, დევნილებს სთავაზობენ ქ.თბილისში, ვაზისუბანში მდებარე ყოფილი #165 ბაგა–ბაღის შენობაში განსახლებას.  მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე დევნილთა ნაწილი არ არის თანახმა ამ შეთავაზებაზე. ოფიციალური ინფორმაციით სასტუმრო „აფხაზეთიდან“ დევნილთა გამოყვანა ამა წლის 15 აგვისტოს, ხოლო ,,კურორტოლოგიის ინსტიტუტიდან“, ამა წლის 18 აგვისტოს იგეგმება“, ნათვამია განცხადებაში.

სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრებმა დევნილებმა 8 აგვისტოს აქცია გამართეს ამასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, გაითვალისწინოს და დაიცვას დევნილთა ინტერესები შეთავაზებებისა და საკომპენსაციო თანხების ადეკვატურობასთან მიმართებაში:

„ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მიღწეულ იქნას დევნილებთან შეთანხმება, როგორც ალტერნატიული ფართების ისე საკომპენსაციო თანხების შეთავაზებისას. ხოლო, მანამ, სანამ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით არ იქნება დადებული დევნილებთან წერილობითი შეთანხმება/გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები, არ მოხდეს დევნილთა გამოყვანა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან“.

ომბუდსმენის განცხადებაში არაა აღნიშნული არის თუ არა დევნილების ინტერესების ადეკვატური შეთავაზებული თანხების ოდენობა.

ფოტო: netgazeti.ge/ ნინო კახიშვილი; სასტუმრო “აფხაზეთში” მცხოვრები დევნილების აქცია 8 აგვისტოს;

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი