დღეს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიამ გაავრცელა განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
საუბარია 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.
გთავაზოვთ განცხადების სრულ ტექსტს:
რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მესამე წლისთავზე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია კიდევ ერთხელ მიაპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.
რუსეთის ფედერაციამ, იმის ნაცვლად, რომ შეესრულებინა 12 აგვისტოს შეთანხმების პირობები და თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებებამდე არსებულ პოზიციებზე დაებრუნებინა, რუსეთის პრეზიდენტის მიერვე ხელმოწერილი შეთანხმების აშკარა დარღვევით, ჯერ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიური ოლქის (ასევე მიმდებარე ტერიტორიების) უკანონო ოკუპაცია განახორციელა, ხოლო შეთანხმების ხელმოწერიდან ორ კვირაში საქართველოს ორივე რეგიონი “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ორივე რეგიონში მოხდა “უპირატესად ქართული მოსახლეობის” ეთნოწმენდა, რაც დაფიქსირებულია ეუთოს 1994, 1996 და 1999 წლების სამიტების რეზოლუციებში (რუსეთმაც, როგორც ეუთოს წევრმა, დაადასტურა ეთნოწმენდის ფაქტები), ასევე ჰ. ტალიავინის კომისიის დასკვნასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში. ასეთი ტერიტორიების “დამოუკიდებლობის” აღიარება ნიშნავს ეთნიკური წმენდის _ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის – შედეგთა დაკანონების მცდელობას, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში უპრეცედენტო მოვლენად უნდა ჩაითვალოს.
რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამხედრო ბაზების მშენებლობა და უახლესი სამხედრო ტექნიკის განლაგება. ხაზგასასმელია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სარაკეტო კომპლექსის C – 300-ის განლაგება დამატებით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კავკასიის რეგიონს და ამგვარი ქმედება სერიოზული გამოწვევაა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო კონტინგენტის შეყვანა და იქ სამხედროთა ოჯახების ჩასახლება კიდევ უფრო ამძიმებს ეთნიკური წმენდის შედეგად ისედაც რადიკალურად შეცვლილ დემოგრაფიულ ვითარებას.
კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაეროსა და ეუთოს მისიათა საქმიანობა სწორედ რუსეთის ვეტოს გამო შეწყდა და საქართველოში განლაგებულ ევროკავშირის დამკვირვებლებს დღემდე არ ეძლევათ საშუალება შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც გათვალისწინებულია მათი მანდატით. აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს არ დაუშვას საერთაშორისო მონიტორინგი ამ რეგიონებში, რათა მათი ფაქტობრივი ანექსიის პროცესი ყოველგვარი “მოწმეების” გარეშე მიიყვანოს ბოლომდე. კრემლს “მოწმეები” არ სჭირდება არც იმის დასაფიქსირებლად, თუ როგორ იყენებს იგი ადგილობრივ საოკუპაციო რეჟიმებს ადმინისტრაციულ საზღვრებზე ვითარების შემდგომი ესკალაციისა და საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამხედრო აგრესიის პროვოცირებისთვის.
კომისია გამოხატავს მადლიერებას სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტთა და სახელმწიფო მოღვაწეთა მიერ რუსეთის ქმედებების უკანონო ოკუპაციად შეფასებასთან დაკავშირებით.
კომისია მიესალმება ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელთა მიერ რუსეთის აღნიშნული ქმედებები შეფასდა როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებისა და საქართველოს ორი რეგიონის “მცოცავი ანექსიის” მცდელობა.
ამგვარ შეფასებათა სრულიად ლოგიკური გაგრძელება იყო ა. წლის 29 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, აშშ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობისადმი მხარდაჭერას და რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. კომისიის აზრით, სენატის აღნიშნული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატების თანმიმდევრული პოლიტიკა კავკასიაში ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და იგი მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ.
2008 წლის 8 აგვისტოს სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ა/წ 18 მარტის უპრეცედენტო განცხადება (ანუ სამხედრო აგრესიის ნამდვილი მიზეზის უნებლიე აღიარება), მისი და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს არაადეკვატური რეაგირება აშშ-ის სენატის ზემოაღნიშნულ რეზოლუციაზე, აგრეთვე რუსეთის პრემიერის მიერ ახლახან, 1 აგვისტოს, ახალგაზრდებთან შეხვედრისას იმის თქმა, რომ იგი არ გამორიცხავს ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” რუსეთის ფედერაციის ფარგლებში გაერთიანებას, ააშკარავებს კრემლის რეალურ მიზნებს.
განსაკუთრებით აბსურდულად და ცინიკურად ჟღერს ა. წლის 4 აგვისტოს რადიოსადგურ “ეხო მოსკვისადმი” მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, იმის შესახებ, რომ იგი მიესალმებოდა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემას “საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისთვის”; ამას ამბობს იმ ქვეყნის მეთაური, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ცალსახად აკისრებს პასუხისმგებლობას 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და ეთნიკური წმენდის დაშვებისთვის და მოუწოდებს, შეასრულოს 12 აგვისტოს შეთანხმების პირობები, ანუ აღმოფხვრას საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შედეგები.
კომისიას მიაჩნია, რომ სსრკ-ის აღდგენის იდეით შეპყრობილი რუსეთის ხელისუფლება, როგორც სსრკ-ის სამართალმემკვიდრე, რომლისთვისაც საბჭოთა იმპერიის დაშლა XX საუკუნის “უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფაა”, ფაქტობრივად, არასდროს უწევდა ანგარიშს საერთაშორისო თანამეგობრობას და როგორც დ. მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუდან ირკვევა, არც მომავლში აპირებს 12 აგვისტოს შეთანხმების პირობათა შესრულებას. ასეთი ვითარება არ შეიცვლება მანამ, სანამ მსოფლიო თანამეგობრობა არ შეიმუშავებს ქმედით მექანიზმებს კრემლის “მოსათვინიერებლად”. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებისგან მოსალოდნელია ახალი, უფრო მასშტაბური აგრესიის რეციდივები.
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008-2011 წლებში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების დინამიკა აძლიერებს კომისიის რწმენას, რომ მსოფლიოს ცივილიზებული სახელმწიფოები, გაერო, ეუთო, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უკვე მიღებული საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში განახორციელებენ ქმედით ზომებს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მონიტორინგის განსახორციელებლად, დეოკუპაციის პროცესის საერთაშორისო მექანიზმების შესაქმნელად, რაც საბოლოოდ აიძულებს კრემლს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს პარლამენტის
ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია
თბილისი, 8 აგვისტო, 2011 წელი
