ახალი ამბები

აგვსიტოს 10 დღე

8 აგვისტო, 2011 • 1073
აგვსიტოს 10 დღე

დევნილების აქცია
დევნილების აქცია

21 წელია 300– მდე დევნილი ოჯახი ცხინვალიდან ვაჟა–ფშაველას გამზირზე, ყოფილ სასტუმრო “აფხაზეთში” ცხოვრობს. 6 აგვისტოს დევნილ ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან ერთგვერდიანი გაფრთხილება მიიღეს.

გაფრთხილების წერილის მიხედვით, დევნილებს შენობის დასაცლელად  10– დღიანი ვადა ეძლევათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია შსს–ს 747–ე ბრძანების თანახმად, დევნილებს ძალის გამოყენებით გამოასახლებს.

დევნილებმა დღეს, 8 აგვისტოს,   მოამზადეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე, რომელშიც ითხოვენ პასუხს შემდეგ საკითხებზე:

  • შევიდა თუ არა რომელიმე დევნილის განცხადება შსს–ში გამოსახლების თხოვნით
  • ვინ მისცა შსს–ს ბრძანება დევნილების აღნიშნული ობიექტიდან განსახლების.

იურისტის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, აღნიშნული 747–ე ბრძანების მიხედვით, პოლიციას უფლება არ აქვს დევნილები ამ ობიექტიდან გაასახლოს, ვინაიდან ისინი ფლობენ დევნილთა მოწმობებს, რომელთა მიხედვით დევნილები რეგისტირებულები არიან აღნიშნულ მისამართზე და მათი თანხმობის გარეშე გამოსახლება მხოლოდ სასამართლო დავის შედეგად არის შესაძლებელი. დევნილები უფლებების დასაცავად ბრძოლას, სასამართლო გზითაც აპირებენ.

სამინისტროდან დევნილებთან მისული წერილობითი გაფრთხილების თანახმად, რომელსაც არც ბეჭედი აქვს და არც სამინისტროს რომელიმე წარმომადგენლის ხელმოწერა, დევნილებს საკომპენსაციოდ 10 ათასი აშშ დოლარს, ან საცხოვრებელს ქალაქ რუსთავში სთავაზობენ.

დევნილები შემოთავაზებებზე დათანხმებას სხვადასხვა მიზეზით არ აპირებენ.

დევნილთა თქმით, მას შემდეგ რაც ისინი თბილისში ცხოვრობენ ოჯახებში თაობები გაიზარდა.

“დღეს სამინისტრომ გააერთიანა ოჯახებში ბებიები, მშობლები, ბავშვები, ბიძები, დეიდები და ერთ ოჯახს 15 კაციც მიათვალეს. ხოდა 15 კაცს 10 ათას აძლევენ მხოლოდ. სხვა შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ გადავიდეთ სადმე ქირით სამი თვე, ამ ქირის ფულს სახელმწიფო დაფარავს და სამ თვეში რუსთავში აგვიშენებენ საცხოვრებლებს. ამშენებლები თუ იყვნენ, 21 წელი რას აკეთებდნენ, ახლა გაახსენდათ? ააშენონ და მერე გველაპარაკონ რამეზე. იქამდე არსადაც არ წავალთ. არჩევნებზე ხმები რომ უნდოდათ ხო კარგად იყვნენ მოსულები ჩვენთან, მესამე სართულზე ჩაატარა სააკაშვილმა პირველ არჩევნებამდე კრება. ახლაც მოვიდეს და დაინტერესდეს ერთი რას გვიპირებს დევნილთა სამინისტრო”.–ამბობს დევნილი გურამ ზუბაშვილი.

 

დევნილებს არ აქვთ ინფორმაცია უკვე შეისყიდა თუ არა ვინმემ ვაჟა–ფშაველას გამზირზე არსებული შენობა, თუმცა კანონის შესაბამისად, შენობის პრივატიზება დევნილების თანხმობის გარეშეც შეიძლება, იმის მიუხედავად, რეგისტრირდებიან თუ არა დევნილები აღშნულ მისამართზე.

დევნილებმა აქცია სხვადასხვა პლაკატით” “თბილისში მცხოვრები დევნილი ყველა თბილისელია”, “გაგვასახლეთ კანონიერად” და “აგვისტოს 10 დღე” გამართეს. ამბობენ, რომ მიმდინარე დღეებშიც აქციებს პერმანენტულად გამართავენ.

წარწერა SOS ყოფილ სასტუმრო “აფხაზეთის” გარე ფასადზე, თბილისში იმ 32 შენობის მსგავსადაა გამოკრული, საიდანაც სამინისტრომ დევნილები უკვე გამოასახლა.

“დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენელთა თქმით, თბილისის მასშტაბით კიდევ 300–მდე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტია დარჩენილი, საიდანაც სახელმწიფო დევნილებს გაასახლებს.

დევნილების აქცია
დევნილების აქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი