თბილისში, ეკონომიკის სამნისტროს შენობაში, მე-6 და მე-7 სართულებზე 28 მარტს ხანძარი გაჩნდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დაიწვა შეკიდული ჭერი და ოთახები, დაახლოებით 400-500 კვ.მ. ფართობი.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ეკონომიკის სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
პრესსამსახურის განცხადებით, თანამშრომლები, რომელთაც მე-6 და მე-7 სართულზე უნდა ემუშავათ, სხვადასხვა სართულებზე გადანაწილდნენ. ამ დროისთვის კი დასუფთავება და ქსელების აღდგენა მიმდინარეობს. ამ დროისთვის შეფერხებით მუშაობს ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდიც, რასაც პრესსამსახურში შესაბამისი სადენების დაზიანებით ხსნიან. მათივე ინფორმაციით, ამ საკითხზე გუშინდელი დღიდან მუშაობენ.
ნეტგაზეთი გთავაზობთ ფოტოებს, თუ როგორ გამოიყურება შენობის დამწვარი ნაწილი 29 მარტს