ახალი ამბები

სააკაშვილის მიხედვით ბრეივიკი „ცხოველია“

3 აგვისტო, 2011 • 1173
სააკაშვილის მიხედვით ბრეივიკი „ცხოველია“

„მხეცი საქართველოშიც მხეცია, სამხრეთ პოლუსზეც და ნორვეგიაშიც. ის არსება კი, რომელმაც ასეთი რამ ჩაიდინა, ნამდვილი ცხოველია – მას სხვა სიტყვას ვერ უწოდებ“,  – განაცხადა 2 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა ანდრეს ბრეივიკთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება ნორვეგიაში ტერაქტისას გადარჩენილ ნათია ჩხეტიანთან შეხვედრისას გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ნორვეგიაში მოკლულ   თამთა ლიპარტელიანის ოჯახს. მ

„თავის დროს, ნორვეგიაში მეც ვარ ნამყოფი და იქ სწორედ იმ ასაკში ვმუშაობდი, რა ასაკშიც იქ თამთა და ნათია ჩავიდნენ. მათ შორის, ნანახი მაქვს ნორვეგიული ციხეები, რომლებიც სანატორიუმებს უფრო მოგვაგონებს. არც კი ვიცი, იმ „სანატორიუმში” რა სასჯელი უნდა მოიხადოს იმ ცხოველმა და როგორ არის ეს ადეკვატური დასჯა იმისთვის, რაც მან ჩაიდინა. მან უამრავი ოჯახი გააუბედურა, მათ შორის, ეს ქუთაისური ოჯახი და ამ მდგომარეობაში ჩააყენა თამთას ახლოებლები და ნათესავები“, განაცხადა სააკაშვილმა.

ნათია ჩხეტიანი და თამთა ლიპარტელიანი ნორვეგიაში, ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდნენ, როცა ოსლოში ჯერ ტერორისტული აქტი, შემდეგ კი ნორვეგიის დედაქალაქიდან რამოდენიმე კილომეტრში, კუნძულზე, ახალგაზრდულ ბანაკში,  მასობრივი მკვლელობა მოხდა.  ნათია ჩხეტიანი უვნებლად გადარჩა, თამთა ლიპარტელიანი კი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.  მას საქართველოში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ.

ანდერს  ბრეივიკი, რომელსაც სააკაშვილმა ცხოველი უწოდა, ნორვეგიელი სამართალდამცავების ინფორმაციით, 22 ივლისს ნორვეგიაში ახალგაზრდულ ბანაკსა და ოსლოში მასობრივი მკვლელობის ავტორია. მან დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული. მის ბინაში იპოვეს 1500-გვერდიანი მანიფესტი, რომელიც   მთლიანად ბრეივიკის შექმნილია და  საიდანაც ირკვევა, რომ ის იყო ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი, ფუნდამენტალისტი ქრისტიანი, რომელსაც სძულდა მუსლიმები, ეწინააღმდეგებოდა მარქსიზმსა და მულტიკულტურალიზმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი