ახალი ამბები

„ენვერის“ ტრაგიკომიკური ფინალი

3 აგვისტო, 2011 • 1455
„ენვერის“ ტრაგიკომიკური ფინალი

„რუსეთის ჯაშუში“, რომელმაც ბორჯომის ხეობის გადაწვა საჯაროდ „აღიარა“, ზღვის ნიჟარებისგან დამზადებული ნივთებით ვაჭრობს.

აჭარაში, სოფელ ციხისძირს, იქ, სადაც ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-ქალაქის პეტრას ნანგრევებია შემორჩენილი, ყოველ დღე ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს. თუმცა, ტურისტებს, რომლებიც იქვე მდებარე ზღვის ნიჟარებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთების ღია ბაზრობასთან ჩერდებიან, წარმოდგენა არ აქვთ რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ერთ-ერთი გამყიდველი „რუსეთის ჯაშუშია“. ეს ადამიანი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი გაბრიელ უსტალიშვილია. იგი გახმაურებული სპეცოპერაცია „ენვერის“  ფარგლებში შარშან დააპატიმრეს.  უსტალიშვილმა მაშინ „საჯაროდ აღიარა“, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მტერს საიდუმლო ინფორმაციებს გადასცემდა, რომ,  რუსებმა მისი გადაცემული ინფორმაციით ბორჯომის ხეობა გადაწვეს:

„მთხოვა გამეგო სად შეიძლებოდა დაემალათ ჩემი ესკადრილიის ვერტმფრენები. სიტუაციის ანალიზის შემდეგ, მე შევატყობინე, რომ ვერტმფრენები შეიძლებოდა ბორჯომის ხეობაში დაემალათ. საინფორმაციო გამოშვების ყურებისას დავინახე, რომ ბორჯომის ხეობის ტყეები იწვის. მე მივხდი, რომ ჩემს მიერ გაგზავნილი ინფორმაცია, მათ თავიან უფროსებს გადასცეს.“

„სამშობლოს მოღალატე“ უსტალიშვილი პროკურატურამ რატომღაც საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლა. დღეს იგი ზღვის ნიჟარებით ვაჭრობს და მომხდარზე საუბარი აღარ სურს

„არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, არ ვიძლევი ინტერვიუს, არაფერი არ ვიცი.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ოპერაცია „ენვერის“ გახსნა შარშან ოქტომბერში რუსი მზვერავის  დღეს დაამთხვია. სულ 15 ადამიანი დააპატიმრეს. ექვსი საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი იყო. ტარიელ აბაშიძეს პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი მფრინავს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან ბრალი არ აღიარა. ისმაილ აბაშიძე, ტარიელის მამა ამბობს, რომ გაბრიელ უსტალიშვილმა პირადად მოუყვა, თუ როგორ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისგან აღიარებითი ჩვენება

„მაიძულესო თქვა, მათქმევინესო, მალაპარაკესო, მაიძულესო..მე ვერ დავადანაშაულებ მაგ ბიჭს, სხვა მფრინავების წინააღმდეგ არავითარი ჩვენება არ მიუცია და გლახა არაფერი უთქვამს.“

საპროცესო შეთანხმება, ჯაშუშობის აღიარების სანაცვლოდ გაბრიელ უსტალიშვილის გარდა, ბათუმელ ბიზნესმენს პეტრე დევრიშაძესაც გაუფორმდა.  ჯერ კიდევ შარშან აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ბაკურაძემ განაცხადა, რომ დერვიშაძე ქართული სპეცსამსახურების აგენტია. იგი, ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, 1999 წელს პირადად ბაკურაძემ გადაიბირა და ფსევდონიმად „რუსი“ მიანიჭა . ბაკურაძემ ჯერ კიდევ შარშან იავარაუდა, რომ დერვიშაძესთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გააფორმებდა. დანარჩენმა დაკავებულებმა ჯაშუშობა არ დაიბრალეს და ხანგრძლივი ვადით ციხეში წავიდნენ.  აგვისტოს ომის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის „ჯაშუში“ ტარიელ აბაშიძე, პრეზიდენტ სააკაშვილს მედლით პირადად ჰყავს დააჯილდოვებული. ტარიელის მეუღლეციცინო აბაშიძე ამბობს, რომ მომხდარით დღემდე გაოგნებულია:

„წელიც არ იყო გასული და ჯაშუში არისო. როგორ შეიძლება ასე?! ასწავლო, დიპლომებით და მედლებით დააჯილდოვო, ქვეყნის პირველი პირი ანდო და შემდეგ ეს იარლიყი მიაწებო. როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი რამე უწოდო და გაწირო?! ეს სჭირდებოდათ რაღაცაში თვითონ და შესწირეს ეს ბიჭები.“

სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი