ახალი ამბები

“მედიის ადვოკატირებისთვის” “ალფა–კომის” აუქციონის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს

31 ივლისი, 2011 • 1210
“მედიის ადვოკატირებისთვის” “ალფა–კომის” აუქციონის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს

კოალიცია “მედიის ადვოკატირებითვის” საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ნიკა გილაურს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრს, ვერა ქობალიასა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს “ალფა–კომის” აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით წერილობით მიმართავს:

“კოალიცია “მედია ადვოკატირებისათვის” განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ონლაინ აუქციონი შპს “ალფა-კომი”-ს (საიდენტიფიკაციო კოდი №203829250) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე (მართვის უფლებით გადაცემის ვადა 4 წელი). შპს. “ალფა-კომი” შეიქმნა შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრის” ბაზაზე და მისი სამართალმემკვიდრეა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექსპლუატაციას უწევს 36 ანძას, მათ შორის თბილისში, ფუნიკულიორზე მდებარე ანძას, რომელთა დახმარებით გადაიცემა ტელე-რადიო, სატელეფონო თუ სხვა საკომუნიკაციო სიგნალები და ემსახურება 30-ზე მეტ რადიოსა და 16 ტელეკომპანიას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ონლაინ აუქციონზე მართვის უფლებით გადაცემის წინაპირობად დაადგინა:

ა) მართვის უფლების მიმღების მიერ მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადახდა ყოველწლიურად, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა.ა) პირველი წლის საფასური – 2012 წლის 1 აგვისტომდე;
ა.ბ) მეორე წლის საფასური – 2013 წლის 1 აგვისტომდე;
ა.გ) მესამე წლის საფასური – 2014 წლის 1 აგვისტომდე;
ა.დ) მეოთხე წლის საფასური – 2015 წლის 1 აგვისტომდე.
ბ) საწარმოს საქმიანობის პროფილის შენარჩუნება; გ) 12 000 000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება 4 წლის განმავლობაში.

მედიის თავისუფლება თავის თავში მოიაზრებს როგორც ინფორმაციის თავისუფლად მოძიების უფლებას, ასევე მისი შეზღუდვის გარეშე გავრცელების თავისუფლებას. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ონლაინ აუქციონზე გამოტანილი ქონება თავისი ფუნქციით მნიშვნელოვანი დანიშნულებისაა და მისი სრულყოფილ, გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზება.

აღნიშნული ობიექტის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ინფორმაციამ გარკვეული შეშფოთება გამოიწვია ტელე, რადიო და ტელეკომუნიკაციის სფეროში მომუშავე კომპანიებს შორის. კერძოდ, მედიაკომპანიებისათვის საგანგაშოა ის გაურკვევლობა, რომელიც თან ახლავს აღნიშნულ პროცესს. ბუნდოვანია, როგორ აპირებს ინვესტორი თანხების უკან მოგების სახით დაბრუნებას და ხომ არ იქნება ინვესტორის ფინანსური ინტერესი პირდაპირ დაკავშირებული არსებული ტარიფების მომატებასთან. სწორედ ასეთი სახის ბუნდოვანება უქმნის კომპანიებს დასაბუთებულ ეჭვს, ხომ არ შეუქმნის აუქციონი პრობლემებს მათ ბიზნესს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაჩქარებული წესით, ყოველგვარი წინსაწარი საჯარო დისკუსიის გარეშე გამოცხადებული ონლაინ აუქციონი და მისი ბუნდოვანი პირობები არ არის საკმარისი წინაპირობა შპს “ალფა-კომის” მართვის უფლებით ოთხი წლით გადაცემისათვის. მხოლოდ ჩამოთვლილი პირობების შესრულების ვალდებულება ვერ გახდება მუშაობის უპრობლემოდ გაგრძელების საიმედო გარანტი იმ მედია ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შპს “ალფა- კომზე” არიან დამოკიდებული.

შესაბამისად, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ონლაინ აუქციონი. ონლაინ აუქციონზე გამოტანილი ობიექტის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე აუცილებლად მიგვაჩნია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილებით გაიმართოს საჯარო დისკუსია, რომელიც შეეხება შემდეგ ძირითად საკითხებს:

1. შპს “ალფა-კომის” საკუთრების დეტალური აღწერა, რომელიც გატანილი იქნება ონლაინ აუქციონზე მართვის უფლების გადაცემის პირობით;
2. შპს “ალფა-კომის” მართვის უფლებით გადაცემის გამომწევევი მიზეზები;
3. შეიცვლება თუ არა შპს “ალფა კომის” ტექნიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების დღეს არსებული პირობები, მათ შორის სატარიფო პირობები?
4. სასურველი შედეგი, რომლის მიღწევა არის დასახული შპს “ალფა-კომის” მართვის უფლებით გადაცემით;
5. სასურველი მყიდველის აღწერილობა, რომელიც მისაღები იქნება შპს “ალფა-კომის” საქმიანობის პროფილის შესანარჩუნებლად;
6. მომავალი მყიდველის შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დეტალური აღწერილობა;
7. ონლაინ აუქციონის პირობების შესასრულებლად მოსამზადებული გონივრული ვადა;

მიმართვას ხელს კოალიციის 11–ივე წევრი ორგანიზაცია აწერს.

შპს “ალფა–კომის” აუქციონის პერიოდი 18 ივლისი 2011 წ.–18:30-დან 1 აგვისტო 2011 წ. –17:00-მდეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი