ახალი ამბები

„წამმზომი ჩართულია“ – ომბუდსმენის კამპანია პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების წინააღმდეგ

28 მარტი, 2016 • 1526
„წამმზომი ჩართულია“ – ომბუდსმენის კამპანია პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია „წამმზომი ჩართულია“, რის შესახებაც დღეს, 18 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახალხო დამცველის განცხადებით, კამპანიის მიზანია, საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის პირები, ვინც უკანონოდ შექმნეს/მოიპოვეს და გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2016 წლის 11 მარტს, ხოლო საზოგადოებამ მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

“საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის და ლეგიტიმური აუცილებლობის გათვალისწინებით სახალხო დამცველი იწყებს  დღის, საათის და წუთის ათვლას დანაშაულის ჩადენიდან – 2016 წლის 11 მარტიდან, დამნაშავე პირების გამოვლენამდე,”- აცხადებს ომბუდსმენი.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ შექმნა და გაავრცელა 2016 წლის 11 მარტს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და როგორ მიმდინარეობს ამ დანაშაულის გამოძიება.

“საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს – ვინ მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და როგორ უნდა აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევის განმეორების რისკი, რაც საზოგადოების ცალკეული წევრის შანტაჟის და მანიპულაციის წარმატებულ პრაქტიკად უკვე ყალიბდება. ამ საფრთხის განცდა სახელმწიფოს აიძულებს, გამოავლინოს ის დამნაშავე პირები, რომლებმაც შექმნეს/მოიპოვეს კადრები და ინტერნეტში გაავრცელეს.

იმისათვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა და აღმოიფხვრას დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი, აუცილებელია თითოეული მსგავსი დანაშაულის ეფექტური გამოძიება და საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება გამოძიების შედეგების შესახებ. სწორედ უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი ფაქტების გამოუძიებლობამ განაპირობა მნიშვნელოვნად პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის პრაქტიკის დანერგვა,”- აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში, პერიოდულად შეახსენებს საზოგადოებას და საგამოძიებო ორგანოებს ამ დანაშაულის თაობაზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი