ახალი ამბები

სააკაშვილის აუხდენელი და ახდენილი ქონებრივი ოცნება

29 ივლისი, 2011 • 2556
სააკაშვილის აუხდენელი და ახდენილი ქონებრივი ოცნება

ჩვენი ოჯახის ქონების ძირითად ნაწილს წარმოადგენს ჩვენი ბინა საბურთალოზე. ეს ბინა შევიძინეთ ვერაზე, . ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაიას) ქუჩაზე მდებარე ჩვენი ბინის გაყიდვის შემდეგ. თავის მხრივ, . ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ბინა ჩვენ ვიყიდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის დროს, 1994 წელს.

მას შემდეგ . ახვლედიანის ქუჩა გადაიქცა რესტორნების უბნად და ჩვენც იძულებული გავხდით, ჩვენი პირველ სართულზე მდებარე ბინა გაგვეყიდა. ახლა იქ რესტორანია გახსნილი.

ბინა ვერაზე გაიყიდა 96 ათას ლარად, ხოლო ახალი ბინა შევისყიდეთ 79 ათას ლარად, თუმცა ბინის შიგნით ჩატარებული რემონტის შედეგად მისი ღირებულება შესაძლებელია რამდენიმე ათასი ლარით გაზრდილიყო”, – ეს წერილი მიხეილ სააკაშვილმა თავის პირველ ქონებრივ დეკლარაციას დაურთო, რომელიც 1998 წლის სექტემბერში შეავსო. მაშინ ის საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის – “მოქალაქეთა კავშირის” ფრაქციას ხელმძღვანელობდა.

აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით, საბურთალოზე ახლადშეძენილი სახლის გარდა, მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე – სანდრა რულოვსი ფლობენ 1998 წელს გამოშვებულ “ჰონდას” მარკის ავტომანქანას. სააკაშვილის დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ ეს “ჰონდა”, რომლის მაშინდელი საბაზრო ღირებულება 2600 ლარს შეადგენდა, სანდრას მამამ აჩუქა.

“რაც შეეხება ჩემ მიერ მიღებულ საჩუქრებს, ოფიციალური შეხვედრების დროს მიღებული საჩუქრების უმეტესი ნაწილი გადაეცა საქართველოს პარლამენტს, დანარჩენი საჩუქრები არ აღემატება კანონის მოთხოვნების შესაბამისად სადეკლარაციო ღირებულებას”, – ნათქვამია სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განმარტებებში, რომელიც თან ერთვის მის დეკლარაციას, სადაც ასევე მითითებული აქვს, რომ მისი ოჯახის  საკუთრებაში არსებული ნივთების ღირებულება ჯამში  არ აღემატება 10 ათას ლარს.

პირველი დეკლარაციის მიხედვით, საკმაოდ მწირად გამოიყურება სააკაშვილისა და რულოვსის საბანკო ანგარიშებიც: 1998 წლის 10 სექტემბრის მონაცემებით, სანდრა რულოვსი ფლობს 1900 ლარს “თიბისი ბანკის” ანგარიშზე, მიხეილ სააკაშვილი კი – 200 აშშ დოლარს ნიუ–იორკში მდებარე Citi Bank–ში.

“გარდა ამ ანგარიშებისა, მივლინებების დროს ანგარიშსწორების გასაადვილებლად მქონდა გახსნილი ანგარიში ქ. სტრასბურგში, ბანკ “სოჟენალში”, თუმცა ვვარაუდობ, რომ ამ ანგარიშზე თანხის უქონლობის გამო ამჟამად იგი უკვე გაუქმებულია”, – განმარტავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მომდევნო წლებში შევსებული დეკლარაციების მიხედვით, აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე თანხა თითქმის ყოველწლიურად იზრდება.

ისევ დავუბრუნდეთ საქართველოს პრეზიდენტის პირველ ქონებრივ დეკლარაციას: მასში მიხეილ სააკაშვილს მითითებული აქვს, რომ მისმა წლიურმა ხელფასმა 4900 ლარი შეადგინა. მეუღლემ – სანდრა რულოვსმა კი, რომელიც მაშინ ჯერ წითელის ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდების სამეფოს საპატიო კონსულის თანაშემწედ მუშაობდა, 8850 ლარი გამოიმუშავა.

“მიმაჩნია, რომ ჩემი საპარლამენტო და ჩემი მეუღლის ხელფასი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციისთვის მაღალ შემოსავლად უნდა ჩაითვალოს. ამასთანავე, ამ შემოსავლის დიდი ნაწილი იხარჯება ჩემი თანამდებობისათვის გარდაუვალ წარმომადგენლობით ხარჯებზე და ჩემი მეუღლის ხელფასის ნაწილი ხმარდება მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის მიერ განხორციელებულ საქმიანობას”, – განმარტავს მიხეილ სააკაშვილი.

იმ პერიოდში საქართველოში საპენსიო თანხა თვეში 12 ლარს, წელიწადში კი – 144  ლარს შეადგენდა. სანდრა რულოვსმა კი საქველმოქმედო ფონდი SOCO 1998 წელს დააფუძნა და ეს ორგანიზაცია დღემდე ფუნქციონირებს.

76 ათასლარიანი ბინა თბილისში, 2600– ლარიანი ავტომანქანა “ჰონდა”, 1900 ლარი და 200 აშშ დოლარი საბანკო ანგარიშებზე, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი ყაზბეგის რაიონში – ასე გამოიყურებოდა მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ქონება 1998 წელს, როდესაც საქართველოში მისი თანამდებობრივი კარიერა დაიწყო.

 

“ნეტგაზეთმა” გამოარკვია, რა და როგორ შეიცვალა სააკაშვილის ოფიციალურ, მის მიერვე დეკლარირებულ ქონებაში მისი პირველი დეკლარაციის შევსებიდან დღემდე.

მიხეილ სააკაშვილმა, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქონებრივი დეკლარაცია 1998 წლის შემდეგ კიდევ სამჯერ (ორჯერ – 1999 წელს და ერთჯერ –2000 წელს) შეავსო. ამ ხნის მანძილზე მისი ქონება  არსებითად არ გაზრდილა: შეიცვალა მხოლოდ მისი კუთვნილი სახლის (საბურთალოზე, ახალშენის #34–ში) საბაზრო ღირებულება (გაიზარდა 76 ათასიდან 100 ათას ლარამდე) და თავად მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა 3500 –ლარიანი ავტომანქანა “ნივა”. ასევე, ირკვევა, რომ არ არის გაუქმებული მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიში ფრანგულ “სოჟენალიში”, სადაც მას 1999 წლის პირველ ნახევარში 1000 ფრანგული ფრანკი აქვს ანგარიშზე, იმავე წლის მეორე ნახევარში – 200 აშშ დოლარი და 2000 წლის პირველ ნახევარში – 15 აშშ დოლარი. ამავე პერიოდში მიხეილ სააკაშვილის თვიური ხელფასი 350–დან 450 ლარამდე მერყეობს და მასვე ერიცხება დამატებითი თანხა წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯებისთვის.

აღნიშნულ პერიოდში გაცილებით მეტს გამოიმუშავებს სანდრა რულოვსი, რომლის ხელფასი – ნიდერლანდების სამეფოს საპატიო საკონსულოში თვეში დაახლოებით 1500 აშშ დოლარს შეადგენს. 1999 წლიდან სანდრა რულოვსი სხვა სფეროებშიც იწყებს საქმიანობას: კითხულობს სალექციო კურსს თსუ–ს რომანული ენების კათედრაზე, მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ცოდნის გაზიარების პროგრამების მართვის კოორდინატორად, რომელსაც ჰოლანდიის მთავრობა აფინანსებს, ასევე, ბიზნეს–კონსულტანტად ჰოლანდიური კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ბიზნეს–საქმიანობის განხორციელებით. აღნიშნული მიმართულებებით, სანდრა რულოვსი 2003 წლის ბოლომდე აგრძელებს საქმიანობას.

2000 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრად ინიშნება. აღნიშნულ პოზიციაზე სააკაშვილის ხელფასი შეადგენს თვეში 400 ლარს, მაშინ, როცა მისი მეუღლის ანაზღაურება თვეში 1900 აშშ დოლარამდე იზრდება. 2001 წლის 30 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სანდრა რულოვსის ანგარიშზე “თიბისი ბანკში”  20 ათასი აშშ დოლარი ირიცხება. ამას გარდა, დეკლარაციაში მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლის მშენებლობით მიყენებული ზიანის კომპენსაციის სახით სანდრა რულოვსი იღებს 9 500 ლარს, რითაც არემონტებს კუთვნილ ბინას ახალშენის #34–ში.

2001 წლის ოქტომბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სანდრა რულოვსის საბანკო ანგარიშზე “თიბისი ბანკში” თანხა 20 ათასიდან 3500 აშშ დოლარამდე მცირდება. იმავე პერიოდში, ის 130 ათას ლარად ყიდის ბინას ხილიანის #34–ში და 2002 წელს 98 ათას ლარად (მაშინდელი კურსით 45 ათას აშშ დოლარად) ყიდულობს საცხოვრებელ სახლს ბარნოვის #9–ში.

2003 წლის აპრილში სააკაშვილი დეკლარაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის რანგში ავსებს, სადაც მისი ხელფასი თვეში 400 ლარს შეადგენდა, მისი მეუღლისა კი – 1000 აშშ დოლარს. ამავე პერიოდში სანდრა რულოვსი ყიდის მამისგან ნაჩუქარ “ჰონდას” და 1800 ლარად “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომანქანას ყიდულობს. 2003 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიხეილ სააკაშვილს მითითებული აქვს, რომ მისი მონაწილეობა სემინარებში ვაშინგტონსა და ბერლინში მსოფლიო ბანკმა 12 ათასი აშშ დოლარით დააფინანსა. მიხეილ სააკაშვილის ანგარიშზე ფრანგულ ბანკ “სოჟენალში” 4000 ევროა.

2004 წლის 5 იანვრის არჩევნების შედეგად მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. ამ რანგში მან პირველი დეკლარაცია 2004 წლის 3 თებერვალს შეავსო.

სანდრა რულოვსის სახელზე რეგისტრირებული და 95 ათას ლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ბარნოვის ქ. #9–ში, 3500 ევრო სანდრა რულოვსის ანგარიშზე “თიბისი ბანკში”, 9500 ევრო – მიხეილ სააკაშვილის ანგარიშზე საფრანგეთში, ბანკში “სოჟენალი” – სულ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ დეკლარირებული ქონება იმ დროისთვის, როცა ის საქართველოს პრეზიდენტად პირველად აირჩიეს.

2004 წლის განმავლობაში სააკაშვილმა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ხელფასის სახით 33 789.47 ლარი და სახელფასო დანამატის სახით 31 530 ლარი (დანამატი გაიცა პრეზიდენტთან არსებული განვითრების და რეფორმების ფონდთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად) გამოიმუშავა, ასევე, მისი მივლინებებისთვის ბიუჯეტიდან 14 633.96 ლარი დაიხარჯა.

შედეგად, 2005 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშზე საფრანგეთში, ბანკში “სისიეტე ჟენერალი” თანხა 9500–დან 20 ათას ევრომდე გაიზარდა, ბაზის ბანკში გახსნილ ანგარიშზე კი პრეზიდენტმა 9000 ლარი დააგროვა.

2005–06 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი თვეში 4000 და წელიწადში 48 ათას ლარს შეადგენს. ამას გარდა, მისი მივლინებებისთვის 2005 წელს 79 391 ლარი იხარჯება, 2006–ში კი – 22 819 აშშ დოლარი, 1254 ევრო, 54 გირვანქა სტერლინგი და 560 შვეიცარიული ფრანკი.

2007 წლის 29 ივნისს შევსებულ დეკლრაციაში მიხეილ სააკაშვილი უთითებს, რომ “სოსიეტე ჟენერალის” ანგარიშზე დაგროვილი აქვს 26 000 ევრო, “ბაზის ბანკში”  – 67 ათასი ლარი და “საქართველოს ბანკში” – 14 ათასი ლარი. წიგნის გამოცემის შედეგად 30 ათას ევროს იღებს შემოსავლის სახით სანდრა რულოვსი, რომელიც 23 ათას ლარს ბინის რემონტისთვის ხარჯავს. საცხოვრებელი სახლი ბარნოვის #9–ში, რომელიც სანდრა რულოვსმა 2002 წელს 98 ათას ლარად იყიდა, 2007 წლის დეკლარაციაში 220 ათას ლარადაა შეფასებული. მიხეილ სააკაშვილი დეკლარაციაშივე განმარტავს, რომ ამის მიზეზი თბილისის ცენტრში მდებარე ბინებზე საბაზრო ფასის გაორმაგებაა.

2008 წლის 5 იანვარს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, მიხეილ სააკაშვილი ხელახლა იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტად. დეკლარაცია მან 2008 წლის 18 იანვარს შეავსო.

აღნიშნული დეკლარაციით, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ქონება ასე გამოიყურება: სანდრა რულოვსის სახელზე რეგისტრირებული და 220 ათას ლარად შეფასებული სახლი ბარნოვის #9–ში, სააკაშვილის სახელფასო დანაზოგი – 40 ათასი ლარი “საქართველოს ბანკში”, 26 ათასი ევრო – ბანკში “სოსიეტე ჟენერალი” (საფრანგეთი), 60 ათასი ევრო – სანდრა რულოვსის ანგარიშზე Sns Bank Ternavsen–ში და 3000 ევრო Post Bank–ში (რაც სააკაშვილის განმარტებით, წიგნების ჰონორარით მიღებული შემოსავალია), ასევე, სანდრა რულოვსის ანგარიშზე “თიბისი ბანკში” – 19 643 დოლარი და 15 000 ლარი – “საქართველოს ბანკში”(რაც, ასევე, სააკაშვილის განმარტებით, წარმოადგენს სახელფასო დანაზოგს).

ამის შემდეგ სააკაშვილმა დეკლარაცია კიდევ სამჯერ შეავსო, აქედან ბოლო დეკლარაცია – 2011 წლის 14 მაისს. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ქონება ბოლო დეკლარაციის მიხედვით ასე გამოიყურება: ბარნოვის ქ. #9–ში 154 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 164 კვ.მ მანსარდი იმავე მისამართზე, რომელის სანდრა რულოვსის სახელზეა და რომლის ღირებულებაც ბოლო დეკლარაციაში მითითებული არა აქვს პრეზიდენტს; 66 993.68 ლარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სახელფასო ანგარიშზე ირიცხება  “საქართველოს ბანკში”, ასევე, “საქართველოს ბანკის” მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე ანგარიშებზე რიცხული 52 019.15 აშშ დოლარი და 1573.88 ევრო, 30 ათასი ევრო – ბანკში “სოსიეტე ჟენერალი” (საფრანგეთი); 21 000 დოლარი  სანდრა რულოვსის ანაბარზე “თიბისი ბანკში” და 85 000 ევრო – ასევე, რულოვსის ანაბარზე ING Bank–ში (ტერნეუზენი) და 2000 ლარი “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე.

ჩემს ოჯახს ამჟამად არა აქვს აგარაკი. ჩვენ გვეკუთვნის ყაზბეგის რაიონში მდებარე 600 კვ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც მომავალში ვიმედოვნებთ პატარა სახლის აშენებას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი თავისი პირველი, 1998 წელს შევსებული დეკლარაციის დანართში.

ყაზბეგის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთი სააკაშვილის ბოლო, 2011 წელს შევსებულ დეკლარაციაშიაც ფიგურირებს:  500 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა გუდაურში, თუმცა აღნიშნული დეკლარაციაში არ არის მითითებული, აისრულა თუ არა პრეზიდენტმა ოცნება და ააშენა თუ არა ამ მიწაზე “პატარა სააგარაკე სახლი”.

სააკაშვილის წერილი
სააკაშვილის წერილი

მასალების გადაბეჭდვის წესი