“რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის თქმით, სოფელ დიღმის საჯარო სკოლიდან პედაგოგები პოლიტიკური ანგარიშწორების მიზნით გაათავისუფლეს.
მარინა ბროლაძე სოფელ დიღმის საჯარო სკოლაში 28 წლის მანძილზე მუშაობდა დაწყებითი კლასების პედაგოგად. ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე არც ერთი გაფრთხილება და შენიშვნა არა აქვს მიღებული სკოლის ადმინისტრაციისგან. ამის მიუხედავად, ის სკოლიდან დირექტორმა, როგორც თავად ამბობს, “საკუთარი შეხედულების გამო” გაათავისუფლა.
“ჩემზე განხორციელდა ზეწოლა, რადგან მე “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ვარ და ყველა პედაგოგი, რომელიც ბრძანებით გაათავისუფლა დირექტორმა, ოპოზიციონერია,” – აცხადებს მარინა ბროლაძე.
“სახეზეა ანგარიშსწორება, რადგან პედაგოგები, რომლებიც გათავისუფლებული არიან, არიან ოპოზიციონერები”, – ამბობს თინა ხიდაშელი, რომელიც აღნიშნული საკითხის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.
მარინა ბროლაძის ინფორმაციით, სოფელ დიღმის საჯარო სკოლიდან დირექტორის ბრძანების საფუძველზე 4 პედაგოგი დაითხოვეს, 22–ს კი – განცხადებები დააწერინეს და ამის გამო იქნენ გათავისუფლებული სამსახურიდან.
“ამის აღარვის სჯერა საქართველოში, რომ შესაძლოა, ასე კოლექტიურად წერდნენ ადამიანები გათავისუფლების შესახებ განცხადებებს”, – აცხადებს თინა ხიდაშელი და მიმართავს განათლებისა და მეცინიერების სამინისტროსა და გენერალურ ინსპექციას, შეისწავლოს სოფელ დიღმის საჯარო სკოლიდან 26 პედაგოგის დათხოვის კანონიერების საკითხი.
მარინა ბროლაძის თქმით, მისი სკოლიდან გათავისუფლება პროცედურული დარღვევებით განხორციელდა.
“მე მივიღე შეტყობინება 12 ივლისს, რომ 17–დან ვიქნებოდი გათავისუფლებული, მაგრამ მე ამასთანავე ვიყავი სამეურვეო საბჭოს წევრი და ჩემი სკოლიდან დათხოვა არ შეიძლებოდა, თუკი მანამდე სამეურვეო საბჭოდან არ გამათავისუფლებდნენ. ამის გამო მათ 20–ში მოიწვიეს სამეურვეო საბჭოს სხდომა, საიდანაც გამათავისუფლეს და ამის შემდეგ მასწავლებლობიდანაც დამითხოვეს,” – ამბობს მარინა ბროლაძე.
მისივე თქმით, სკოლის დირექტორმა პედაგოგებს განცხადებები გათავისუფლების შესახებ იმის გამო დააწერინა, რომ სამინისტროდან მიიღო დავალება მასწავლებელთა შემცირების თაობაზე.
“მაგრამ ჩემს შტატზე არ იყო შემცირების მოთხოვნა და როდესაც ეს ვუთხარი დირექტორს, მითხრა, ახალ ვაკანსიას გამოვაცხადებ მაგაზეო,” – აცხადებს ბროლაძე.
მისივე თქმით, სკოლის დირექტორმა მას რამდენჯერმე გაუმეორა, რომ სკოლიდან პირადი შეხედულების გამო დაითხოვა.