ახალი ამბები

სასამართლო: ერეკლე კოდუას მიმართ მოსამართლემ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

25 მარტი, 2016 • 1263
სასამართლო: ერეკლე კოდუას მიმართ მოსამართლემ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ამჟამად ძებნაში მყოფ, ბრალდებულ ერეკლე კოდუას მიმართ მოსამართლემ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

სასამართლოს ცნობით, თაღლითობის ბრალდების საქმეზე ერეკლე კოდუა ორივე ეპიზოდში მიიჩნიეს უდანაშაულოდ და სასამართლომ გაამართლა, ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ და ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონისა და შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

სასამართლო აცხადებს, რომ ვერ დაადგენეს ბრალდებულის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტები, შესაბამისად, ამ ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებებში ერეკლე კოდუა გაამართლა. რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი იყო მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რაც საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

ერეკლე კოდუას ბრალად ედებოდა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (2 ეპიზოდი),

ასევე თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი). სასამართლოს ცნობით, საქმეზე დაიკითხა ბრალდებისა და დაცვის 31 მოწმე.

საქართველოს პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი 2014 წლის 17 მარტს წარუდგინა. იგი საზღვარგარეთ იმყოფება. მას ინტერპოლი ეძებდა, თუმცა 2015 წლის ნოემბრიდან ძებნა შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი