ახალი ამბები

„კობრა–კობრა“ და “ქლინერი“ გველების დასაფრთხობად

26 ივლისი, 2011 • 1340
„კობრა–კობრა“ და “ქლინერი“ გველების დასაფრთხობად

თბილისის საკერებულოსა და „ქრისტიან–დემოკრატიული“ პარტიის წევრის, ზაზა გაბუნიას დღევანდელი განცხადებით, აპრილის თვეში ქალაქის მერიამ ჩაატარა ტენდერი, სადაც გაიმარჯვა ორგანიზაციამ სახელწოდებით “კობრა-კობრა”, რომელმაც ტენდერის პირობების შესაბამისად, ქ. თბილისის საზღვრებში ქვეწარმავლების დასაფრთხობად ქიმიური რეპელენტით (ქიმიური ნივთიერება) ტერიტორიების დამუშავებისა და თბილისის საზღვრებში ქვეწარმავლების დაჭერის და დაუსახლებელ ადგილებში გაყვანის ვალდებულება აიღო, რისთვისაც მერიის მიერ მთლიანობაში 160 000 ლარი იქნა გამოყოფილი.

“იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა იქნა გამოყოფილი ქვეწარმავლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, სახეზე არ არის ამ ბრძოლის შედეგები და მოსახლეობას თავად უწევს სხვადასხვა წარმოშობის ქვეწარმავლებთან ბრძოლა. ეს კი უპირველესად მერიის პასუხისმგებლობის საკითხია, რადგან მან არ მიადევნა თვალი ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის საქმიანობას და დიდი რაოდენობის თანხა პრაქტიკულად ფუჭად და არაფექეტურად იქნა გამოყენებული”, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებას გამოეხმაურა საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ხვიჩა სანაია. მისი თქმით, ცხელ ხაზზე შესული ზარების დიდი რაოდენობის გამო თბილისის მერიამ დამატებით მეორე ტენდერი გამოაცხადა.

“დედაქალაქში მომრავლებული ქვეწარმავლები არა მხოლოდ ჩვენი ოპონენტების, არამედ თითოეული ჩვენგანის პრობლემაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც კომპანიამ “კობრა-კობრა” გაიმარჯვა. თუმცა, ცხელ ხაზზე შესული ზარების რაოდენობის გამო ქალაქის მთავრობამ მეორე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც საუკეთესოდ კომპანია “ქლინერი” დასახელდა”,- განაცხადა სანაიამ.

მისივე თქმით, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მერიის ცხელ ხაზზე გადაამოწმონ თითოეული ზარი და კომპანიების მიერ შემდგომ გატარებული ღონისძიებები.

“როგორც მერიის, ასევე აღნიშნული ფირმების ცხელ ხაზზე  შესულია დაახლოებით 350 ზარი, რაზეც შესაბამისმა სამსახურებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ზაფხულის პერიოდში მოხდა 145 ქვეწარმავალის დაჭერა და მათი დაუსახლებელ ადგილზე გაყვანა. პარალელურად მიმდინარეობს ტერიტორიების ქიმიური რეპელენტით დამუშავებაც ”,- აღნიშნა სანაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი