ახალი ამბები

“ქართული პარტია” ანძის გასხვისების საკითხს ეხმაურება

26 ივლისი, 2011 • 901
“ქართული პარტია” ანძის გასხვისების საკითხს ეხმაურება

„ქართული პარტია“ მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დააზუსტოს ინფორმაცია შპს „ალფა-კომის“ ქონების აუქციონთან დაკავშირებით. აუქციონის პირობებში მითითებულია მხოლოდ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები. ეს ქონება კი საკმაოდ სოლიდურია: საქმე ეხება 274-მეტრიან სატელევიზიო ანძას, პლიუს 35 შედარებით მცირე ზომის ანძებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

“მოვითხოვთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაკეთდეს საჯარო განცხადება, საწარმოს საქმიანობის პროფილის შენარჩუნება გულისხმობს თუ არა ყველა იმ ვალდებულების შენარჩუნებას, რაც დღევანდელი მდგომარეობით აქვს შპს „ალფა-კომს“, როგორც შპს „ტელერადიოცენტრის“ უფლებამონაცვლეს“, – განაცხადა „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოფიო ხორგუანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი შპს „ტელერადიოცენტრს“ რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ყველა მფლობელის არადისკრიმინაციული, თანაბარი, პირდაპირი დაშვება მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებისა და მომსახურების თითოეულ თავისუფალ ელემენტზე, ხარჯზე ორიენტირებული არადისკრიმინაციული ტარიფით. მოცემული პირობების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილი დავები კომისიამ უნდა განიხილოს.

ამასთან,   საქართველოს მთავრობას დაევალა კანონის ამოქმედებიდან (ის მიღებულია 2004 წლის დეკემბერში) 1 თვის განმავლობაში   შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ბალანსზე არსებული იმ ტექნიკური საშუალებების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის საკუთრებაში გადაცემის უზრუნველყოფა, რომლითაც მოხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ – სატელევიზიო და რადიოპროგრამების გავრცელება.

„ქართული პარტია“ მიმართავს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, საჯარო გახადოს, დაადგინა თუ არა ზღვრული ტარიფები, შპს „ტელერადიომაუწყებლისთვის“ (დღეს უკვე შპს „ალფა-კომისთვის“), როგორც საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში მოქმედი ავტორიზებული პირისთვის, რომელსაც  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება  გააჩნია.

„ზღვრული ტარიფი კომისიამ უნდა დაადგინოს, ვინაიდან საქმე ეხება კომუნიკაციების სფეროს და პირს, რომელიც ამ სფეროში მიღვაწეობს, ავტორიზებულია და კომისია უდგენს ტარიფს“, – განაცხადა  სოფიო ხორგუანმა.

თბილისის ანძას ბოლო დრომდე მართავდა შპს „ტელერადიოცენტრი“, რომელსაც  4 ივლისს სახელი გადაერქვა და „ალფა-კომი“ ეწოდა.  არ შეცვლილა მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, შეიცვალა მხოლოდ სახელწოდება.

“ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ აუქციონი 18 ივლისს გამოცხადდა და 1 აგვისტოს ტარდება. ასეთ მოკლე ვადაში  ვერც ერთი სერიოზული ორგანიზაცია ვერ გარისკავს, მიიღოს გადაწყვეტილება სოლიდური ინვესტიციის განხორციელების შესახებ. ამიტომ, სავარაუდოდ, ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი და აუქციონი მხოლოდ ფორმალობაა. გარდა ამისა, აუქციონთან დაკავშირებული ინფორმაცია დახურულია”, – აცხადებს ხორგუანი.

„ქართული პარტია“ გამჭვირვალობის და ინფორმირებისთვის მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და მოითხოვს გაკეთდეს საჯარო განცხადებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი