საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთმანეთს დღეს საღამოს შეხვდებიან. შეხვედრა, მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კიევ–პეჩორის ლავრაში გაიმართება.
საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების ოფიციალური ვიზიტის დღის წესრიგი სამდღიანია და დღეს კირილისა და ილია მეორეს შეხვედრით იწყება.
ხვალ, 27 ივლისს, კიევ–პეჩორის ლავრაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის კრების ჩატარება. ზეგ კი, 28 ივლისს, კიევის რუსეთის გაქრისტიანებისა და მოციქულთა სწორის დიდი კნიაზის ვლადიმირის ხსენების დღესთან დაკავშირებით ამავე ტაძარში საღვთო ლიტურგიას ერთად აღავლენენ რუსეთის პატრიარქი, ილია მეორე, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი და სხვა ქვეყნების სასულიერო პირები.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია უკრაინაში გუშინ გაემგზავრა. 24 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ მრევლს სთხოვა, ილოცოს იმისთვის, რომ რუსეთის პატრიარქ კირილთან გამართული შეხვედრა დადებითად დასრულდეს.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის თემა იქნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ რელიგიური მისიის განხორციელების საკითხები.
გუშინ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს შორის დაგეგმილ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა:
“თქვენ იცით, რომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ვაწარმოოთ მოლპარაკებები იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც ამ ქვეყანასთან გვაქვს. თუ სასულიერო პირებს შუძლიათ რამე დადებითი დინამიკა შეიტანონ ამ მოლაპარაკებებში, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ გვჯერა, რომ საქართელოს პატრიარქს გულწრეფოად სურს, პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ ურთიერთობებში,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ.
უკანასკნელი შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს შორის 2009 წლის ნოემბერში გაიმართა ბაქოში, როდესაც განიხილეს ორი ეკლესიის თანამშრომლობის განვითარების საკითხები და რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების წინაშე წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტის გზები, მათ შორის საეკლესიო ცხოვრების საკითხები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
ამავე თემაზე:





