
ნორვეგიაში მასობრივ მკვლელობასა და ტერორისტული აქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ანდერს ბრეივიკი წერს, რომ შეხვდებოდა ვლადიმერ პუტინს, რადგან “ის [პუტინი] თითქოს არის სამართლიანი და მტკიცე ლიდერი, რომლის პატივისცემაც ღირს”.
ნორვეგიელმა სამართალდამცავებმა 22 ივლისს მომხდარი მასობრივი მკვლელობისა და ტერორისტული აქტის ავტორის, 32 ანდერს ბრეივიკის სახლის ჩხრეკისას 1500–გვერდიანი დოკუმენტი იპოვეს, რომელსაც “2083: ევროპის დამოუკიდებლობის დეკლარაცია” ჰქვია.
დოკმუნეტი მთლიანად ბრეივიკის შექმნილია, საიდანაც ირკვევა, რომ ის იყო ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი, ფუნდამენტალისტი ქრისტიანი, რომელსაც სძულდა მუსლიმები, ეწინააღმდეგებოდა მარქსიზმსა და მულტიკულტურალიზმს. დოკუმენტი ასევე შეიცავს ინტერვიუს, სადაც კითხვებს ბრეივიკი სვამს და თავადვე პასუხობს.
“ადამიანი, რომელსაც შენ შეხვდებოდი?” – ეკითხება ბრეივი საკუთარ თავს. იქვე კი პასუხობს, რომ ასეთი ადამიანი ან რომის პაპია, ან ვლადიმერ პუტინი. ნორვეგიელის აზრით, პუტინი თითქოს არის სამართლიანი და მტკიცე ლიდერი, რომლის პატივისცემაც ღირს.
“ამ ეტაპზე მე არ ვიცი, შეუძლია თუ არა მას იყოს ჩვენი საუკეთესო მეგობარი, ან ყველაზე უარესი მტერი. მისი ფსიქოანალიზი რთულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ მინდა ვიყო მისი მტერი. ცხადია, მას[პუტინს] მოუწევს ამ თავდასხმის დაგმობა, ეს გასაგებია,” – წერს მასობრივი მკვლელობის ორგანიზატორი რუსეთის პრემიერის შესახებ.
აღნიშნული დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ ბრეივიკი ნორვეგიაში მასობრივ მკვლელობებს ჯერ კიდევ წლების წინ გეგმავდა. ის ნორვეგიის მთავრობისადმი სიძულვილის მიზეზებზეც საუბრობს. ერთ–ერთი ასეთი მიზეზთაგანია 1990–იან წლებში ნატოს ძალების მიერ სერბეთის დედაქალაქის დაბომბვა. ოპერაციაში მაშინ ნორვეგიაც მონაწილეობდა. ბრეივიკს ასევე არ მოსწონდა ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მუსლიმებს საშუალებას აძლევდა, ნორვეგიაში დასახლებულიყვნენ და ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირები დაემყარებინათ. ის ნორვეგიის ხელისუფლებას იასირ არაფატისთვის ნობელის პრემიის გადაცემის გამოც აკრიტიკებდა და ეს ფაქტი დაუშვებლად მიაჩნდა.
ანდერს ბრეივიკი ასევე წერს, მან 2000 წელს გაცნობიერა, რომ მულტიკულტურალიზმის, მარქსიზმისა და ისლამის წინააღმდეგ ევროპაში დემოკრატიულმა ბრძოლამ აზრი დაკარგა, რა დროსაც მან აღმოაჩინა, რომ ევროპაში არ არსებობდა შეიარაღებული, კონსერვატიული, ქრისტიანული, ანტი–ჯიჰადისტური მოძრაობა. ამის შემდეგ მან საკუთარი მოქმედების გეგმის შედგენა დაიწყო, რაც 2011 წლია 22 ივლისს მასობრივი მკვლელობითა და ტერაქტით დაასრულა. შემთხვევის შედეგად 90–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამდენივე კი დაიჭრა.




