
ნორვეგიაში, ერთ–ერთ ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც თავდამსხმელმა 84 ადამიანი მოკლა, საქართველოს მოქალაქეები, ნათია ჩხეტიანი და თამთა ლიპარტელიანი, იმყოფებოდნენ. საქართველოს კონსულმა დანიაში, ნინო ქოჩორაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები ამ დროისათვის არ ირიცხებიან.
გუშინ, 22 ივლისს, აფეთქება თავდაპირველად ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, სამთავრობო დაწესებულებებთან ახლოს მოხდა. დაიღუპა შვიდი ადამიანი, ათეულობით კი დაშავდა. ტერაქტიდან რამდენიმე საათში, ოსლოდან 30 კილომეტრში, კუნძულ უტოიაზე შეიარაღებულმა პირმა ახალგაზრდულ ბანაკში ცეცხლი გახნსა. აღნიშნულ კუნძულზე მმართველი “შრომის პარტიის” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით საზაფხულო ბანაკში ახალგაზრდები ისვნებედნენ. იმავე დღეს ბანაკში დაგეგმილი იყო პრემიერ–მინისტრის, იენს სტოლენბერგის ვიზიტი. მას ახალგაზრდებისთის სიტყვით უნდა მიემართა.
ქართველი ახალგაზრდები თავდასხმის დროს ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდნენ. ერთ–ერთი მათგანის, ნათია ჩხეტიანის ახლობელმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ იგი არ დაშავებულა, თუმცა შოკში იმყოფება და მეგობრის პოვნას ვერ ახერხებს. ნეტგაზეთი დაუკავშირდა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, რომლის მოქმედების ზონაშიც ნორვეგია შედის. კონსულის, ნინო ქოჩორაშვილის თქმით, აღნიშნული ორი ახალგაზრდის შესახებ იონფორმაციას ისინიც თბილისიდან ფლობენ და მათი მდგომარეობის გადამოწმებას ახლა ადგილზე ცდილობენ. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში კი მას დაუყოვნებლივ აცნობებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურ კონტაქტში ვიმყოფებით ნორვეგიის სამეფოს შესაბამის უწყებებთან. გაკეთებული გვაქვს მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. ჩვენს ხელს არსებული ამჟამინდელი ინფორმაციით, არ დასტურდება საქართველოს მოქალაქეთა ყოფნა დაშავებულების ან დაღუპულების რიგებში,” – განუცხადა ნეტგაზეთს კონსულმა ნინო ქოჩორაშვილმა.
მისივე თქმით, ნორვეგიაში მყოფ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ქვეყნის დატოვების მიზნით საქართველოს საელჩოსთვის არ მიუმართავს.
ოსლოში მომხდარი ტერაქტიდან რამდენიმე საათში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი ახალგაზრდულ ბანაკში შეიჭრა. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი კუნძულზე პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მივიდა, ახალგაზრდები გარშემო შემოიკრიბა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი ყვიროდა, რომ ყველას დახოცავდა. იგი ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში კუნძულზე მყოფ ახალგაზრდებს დასდევდა და ხოცავდა. შედეგად, 84 ახალგაზრდა დაიღუპა. გადარჩენილები ყვებიან, რომ გადარჩენის მიზნით მოკლულებს შორის წვებოდნენ, რათა თავდამსხმელს ისინიც გარდაცვლილი ჰგონებოდა. მოგვიანებით, პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. ის ნორვეგიის 32 წლის მოქალაქე აღმოჩნდა. სამართალდამცავები მის მიერ დახოცილ ახალგაზრდებს კუნძულის სხვადასხვა ნაწილში, სხვადასხვა შენობებსა და ადგილბში საათების მანძილზე პოულობდნენ. მასობრივი მკვლელობის ორგანიზატორს, ნორვეგიის კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა 21–წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. ნორვეგიული კანონის მიხედვით, სწორედ ეს არის ქვეყანაში არსებული მაქსიმალური სასჯელი.
ნორვეგიელი სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდამსხმელი ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტი, ორთოდოქსი ქრისტიანი იყო, რომელიც სოციალურ ქსელებში სხვა სარწმუნოების ადამიანების წინააღმდეგ მუდმივად ილაშქრებდა. ჯერჯერობით, პოლიცია არ საუბრობს მისი თანამოაზრეებისა და თანამზრახველების შესახებ. ნორვეგიულ პრესაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდულ ბანაკზე თავდამსხმელი დედაქალაქის ცენტრში აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე შენიშნეს, რის გამოც მისი კავშირი აფეთქებასთან არ გამოირიცხება.
პოლიციის ცნობით, დაკავებულს კრიმინალური წარსული არ ჰქონია, ის მხოლოდ რამდენჯერმე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის არის დაჯარიმებული, თუმცა, მას აღმოაჩნდა საკუთარ სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი.
ნორვეგიის პრემიერმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მთავრობა მუშაობას ჩვეული რეჟიმით გააგრძელებს, დამნაშავეები კი დაისჯებიან.




