ახალი ამბები

უფასო იურიდიული მომსახურება პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის

22 ივლისი, 2011 •
უფასო იურიდიული მომსახურება პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის

პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტებს უფასო იურიდიული მომსახურებას კიდევ ერთი საადვოკატო ფირმა გაუწევს. პროექტში ჩართვის სურვილი უკვე გამოთქვა საადვოკატო ფირმამ „ასათიანი და პარტნიორები“. პროექტს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ ახორციელებს.

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს ცნობით, საქართველოში მოქმედი პალიატიური მზრუნველობის ცენტრები(ჰოსპისები) ვერ ახდენენ პაციენტებისთვის საჭირო მომსახურების გაწევას. ხშირად პაციენტებს არა აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული შეღავათებით და სამართლებრივად გადაწყვიტონ ქონების გაყოფასთან და ანდერძის შედგენასთან დაკავშირებული საკითხები.

„უფასო იურიდიული მომსახურების პროგრამას“ აღნიშნული ფონდი 2009 წლიდან ახორციელებს. დღეს კი კინოთეატრ „ამირანის“ ლიტერატურულ კაფეში „ღია საზოგადოება-საქართველოსა” და იურიდიულ ფირმა „ასათიანი და პარტნიორებს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, მანამდე კი ფილმის ჩვენება მოეწყობა. ღონისძიების დასაწყისში კინოდარბაზ ”ამარკორდში” წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი, რომელიც კონკრეტულად ერთი პალიატიური პაციენტის გარდაცვალების ტრაგიკულ ისტორიას და მისი უფლებების დარღვევის დეტალებს მოუთხრობს მაყურებელს.

პალიატიური მზრუნველობა მრავალპროფილურია, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანებისთვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა. პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას პაციენტები სპეციალურ დაწესებულებებში, ე.წ ჰოსპისებში, იღებენ. დღესდღეობით თბილისში ორი ჰოსპისი არსებობს. ერთი- ონკოპრევენციის ცენტრის ბაზაზე, მეორე კი-ფერიცვალების დედათა მონასტერში. გარდა ჰოსპისებისა, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ბინაზეც, შინ მოვლის სამსახურების მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი