ახალი ამბები

ცხინვალი ჟენევაში დევნილთა საკითხის განხილვას არ აპირებს

22 ივლისი, 2011 • • 1050
ცხინვალი ჟენევაში დევნილთა საკითხის განხილვას არ აპირებს

ცხინვალის დელეგაცია შემოდგომაზე დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების განხილვას არ აპირებს. ამის შესახებ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე დე-ფატქო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარგეულირების საკითხებში, ბორის ჩოჩიევმა განაცხადა.

ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბორის ჩოჩიევმა აღნიშნული განცხადება ჟენევის მოლპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გარდა ამისა, მან გამოთქვა იმედი, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს მიიწვევენ და სიტყვით გამოსვლის საშუალებას მისცემენ. ჩოჩიევმა ასევე გამოთქვა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაერო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებულ რეზოლუციებს ამ “ორი ქვეყნის ზურგს უკან იღებს.”

“გაეროს გენერალური ასამბლეა არა მარტო განიხილავს, ხმას აძლევს და ამტკიცებს რეზოლუციებს, არამედ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებს მიუთითებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ,” – განაცხადა ბორის ჩოჩიევმა.

ჟენევის მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ბოლო, მე-16 რაუნდი 2011 წლის 7 ივნისს გაიმართა, თუმცა, უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი კი 4 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. ქართულმა მხარემ 7 ივნისს გამართულ მოლაპარაკებებზე მხოლოდ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობის მცდელობებზე გაამახვილა ყურადღება. ქართველი ოფიციალური პირები მაშინ აცხადებდნენ, რომ როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავს, ჟენევის მოლაპარაკებებს აზრი ეკარგება. უშედეგო აღმოჩნდა ჟენევის მე-14 და მე-15 მოლაპარაკებებიც. ქართულმა მხარემ ამ შეხვედრებზე დააყენა ახალგორის რაიონის მცხოვრებთათვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის, ასევე, რუსეთის მხრიდან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხი, თუმცა, ამას შემხვედრი ნაბიჯი არ მოჰყოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი