ახალი ამბები

ქურციკიძის ადვოკატები დამატებითი დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობენ

21 ივლისი, 2011 • 1174
ქურციკიძის ადვოკატები დამატებითი დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობენ

ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა, მიხეილ ღოღაძემ, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვა გლდანის ციხის შენობა, ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, რომ დღევანდელ დაკითხვასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ დაკითხვა შედგა და ქურციკიძემ დამატებით შეკითხვებს პასუხი გასცა.

“ამ დამატებით დეტალებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით. ზურაბს ჩვენც შევხვდით, დაველაპარაკეთ, ვკითხეთ, თუ ჰქონია ადგილი ფიზიკურ ან რაიმე სახის ზეწოლას მასზე, თუმცა მან ეს უარყო. ასევე მან კვლავ დაადასტურა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.” –განაცხადა ღოღაძემ.

“ციხის შენობის კორიდორში შევხვდი ქურციკიძის ადვოკატებს. როგორც თქვეს, უკვე დასრულდა ზურაბ ქურციკიძის დაკითხვა. ფაქტიურად დაასრულეს საგამოძიებო მოქმედებაო და თითქოს ზურაბმა გამოთქვაო სურვილი საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. მათთან ერთად გამომძიებელიც იყო”,–განაცხადა შალვა შავგულიძემ ნეტგაზეთთან საუბარში იქამდე, სანამ ქურციკიძის ადვოკატები ციხის შენობიდან გამოვიდოდნენ.

მიხეილ ღოღაძემ ნეტგაზეთთან საუბარში არ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია.

“საპროცესოსთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. სასამართლო პირველ სექტემბერს არის ჩანიშნული”, –თქვა მიხეილ ღოღაძემ.

ზურაბ ქურციკიძის მეორე ადვოკატის, ნინო ანდრიაშივლის თქმით, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი დღეს არ ყოფილა.

“უბრალოდ დაკითხვის დროს, ზურამ ინტერესი გამოთქვა სამომავლოდ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, შეთავაზება იქამდე იყო და მან ეს საკითხი დღეს წამოჭრა. როდის გაფორმდება ეს ხელშეკრულება, ჯერ არ ვიცით. ამაზე პროკურატურამ უნდა იმსჯელოს. თუ პირველ სექტემბრამდე შედგა შეთანხმება, შესაძლოა სასამართლო პროცესი უფრო ადრეც ჩაინიშნოს”, –ამბობს ნინო ანდრიაშვილი.

ნინო ანდრიაშვილი და მიხეილ ღოღაძე, გიორგი აბდალაძისა და ირაკლი გედენიძის ადვოკატებთან ერთად, გლდანის ციხეში ზურაბ ქურციკიძის დამატებით დაკითხვის გამო პროკურატურამ დღეს დაიბარა. ზურაბ ქურციკიძის ადვოკატები ციხეში პირველ საათზე შევიდნენ. ამ წუთებში გიორგი აბდალაძის დამატებით დაკითხვა მიმდინარეობს. ციხის შენობაში იმყოფება მისი ადვოკატი ეკა ბესელიაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი