ახალი ამბები

სააკაშვილი: ბათუმი აჯობებს როგორც ნიცას, ისე კანს“

21 ივლისი, 2011 • 1541
სააკაშვილი: ბათუმი აჯობებს როგორც ნიცას, ისე კანს“

„ რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბიზნეს შეხვედრაზე ნიცაში. მინდა გითხრათ, რომ დღესაც კი ბათუმი, მთელი რიგი კომპონენტებით – საჯარო სივრცეებით, კულტურის ცენტრებით, სიმწვანით, გადაადგილების კომფორტით – ნიცას უკვე სჯობია და 2-3 წელიწადში ცხოვრებისა და კომფორტის ყველა პარამეტრითაც აჯობებს როგორც ნიცას, ისე კანს. ეს ჩვენი გამოგონილი არ არის – ეს არის აბსოლუტური და ელემენტარული რეალობა“, –განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, 20 ივლისს, ბათუმში სასტუმრო „რედისონ ბლუს“ გახსნის დროს.

„პირველი იყო Sheraton, ახლა იხსნება Radisson Blu, შემდეგი ორი წლის განმავლობაში გაიხსნება Holiday Inn, Kempinski, Novotel, Hilton, Conrad, Ritz-Carlton და ა.შ. ამას ვამბობ მათთვის, ვისაც არ ჯეროდა, რომ საქართველოში შესაძლებელი იყო ყოველივე ამის გაკეთება;

კარგად იცით, რასაც ამბობენ ქართველები – გაიარეთ ქუჩაში და თავად მოგიყვებიან ჩემზე უკეთესად, რადგან საქართველო ამაყობს ამ ადგილებით, მაგრამ მინდა გიჩვენოთ და წაგიკითხოთ, თუ რას წერენ ქართველები  საქართველოს განვითარებაზე – ეს საგანგებოდ ამოვიღე ერთ-ერთი მცირეტირაჟიანი ფერადი ჟურნალიდან:

„კიჩია ის მიდგომა, რომლითაც ჩვენ აღმაშენებლის გამზირის – პარიზად, ან მესტიის – შვეიცარიად ქცევად ვაპირებთ. რამდენი მანსარდიც არ უნდა დაადგან აღმაშენებლის გამზირს, არ გამოვა მისგან პარიზი. სულ რომ ათობით პიაცა ჩადგან ჩვენს ძველ, ნესტიან, „კოფე”-თი გაჟღენთილ ბათუმში, არ გამოვა მისგან არც ნიცა და არც რომი. ან ვის რად უნდა შენი კიჩი და ეს არქიტექტურული ბიჟუტერია. ამ კიჩის სანახავად მე თვითონ უარს ვამბობ სიღნაღში სიარულზე”.

ამაზე ერთადერთი პასუხია: ვაი, შენს პატრონს!

არაფერს ვამბობ ამის დამწერის გონებრივ შესაძლებლობებზე – ნამდვილად არ მინდა, ვინმე  გავაკრიტიკო, მაგრამ მას ხომ ჰგონია საკუთარი თავი ძალიან განათლებული, ის არის კლასიკური არქეტიპი რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონისა საქართველოში.

მას ჰგონია, რომ ჩვენ ვართ ყველაზე უბედურები, ყველაზე ჩამორჩენილები, ყველაზე მახინჯები, ყველაზე გამოუსწორებლები და ჩვენგან არაფერი არ გამოვა.

აი, ეს ჩაგვიდეს ტვინში და სწორედ ამას ანგრევს „რედისონი”, ამას ანგრევს „შერატონი”,–განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი