22 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება. შედეგები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე განთავსდება.
აბიტურიენტებისთვის თავდაპირველად ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გახდება ცნობილი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 21 ივლისს დასრულდება. გამოცდების საბოლოო შედეგები კი ცნობილი აგვისტოს ბოლოს გახდება.
ეს ინფორმაცია დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა მიაწოდა.
დღევანდელ ბრიფინგზე მიმინოშვილის გარდა, უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა ივა მინდაძემაც ისაუბრა, რომელმაც მედიას მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პედაგოგთათვის უცხოური ენების გამოცდა 5 ნაწილისგან შედგება: წერითი, წაკითხულის გააზრება, მეთოდიკა, მოსმენა და მეტყველება. გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი დღე დაეთმობა ყველა ზემოთჩამოთვლილ ნაწილს, გარდა მოსმენისა, ეს უკანასკნელი კი გადავადდება მეორე დღისთვის.
ივა მინდაძის თქმით, პედაგოგთათვის უცხო ენების (ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული) გამოცდა სპეციფიკურია იმ მხრივ, რომ იგი ტექნიკურ უზრუნველყოფას საჭიროებს, კონკრეტულად, მოსმენის ნაწილის ჩასატარებლად. მინდაძე აღნიშნავს, რომ 120– ქულიანი ტესტიდან მასწავლებლებმა მინიმუმ 73 ქულა მაინც უნდა დააგროვონ, რომ კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვალოთ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია გაიარა 2600–მდე პედაგოგმა, რომელთაგან 12% არ გამოცხადდა გამოცდებზე.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ნებაყოფლობითია, თუმცა 2014 წლიდან სავალდებულო გახდება.