ახალი ამბები

საერთაშორისო უფლებადამცველების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

19 ივლისი, 2011 • • 987
საერთაშორისო უფლებადამცველების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაკავებული ფოტოგრაფებისთვის უზრუნველყოს  სამართლიანი და საჯარო სასამართლო პროცესი, ასევე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განახორციელოს მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებები არ არის საკამარისად დამაჯერებელი და მყარი. აღიარებითი ჩვენების მიცემის დროისა და გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან შეიძლება, აღიარება იძულების გზით ყოფილიყო მიღებული,“ – წერია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ფოტოგრაფების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. კერძოდ, ისინი მოვუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ჩატარდეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საერთაშორისო პაქტის –  „პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების“ მეთოთხმეტე მუხლისა და „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მეექვსე მუხლის შესაბამისად,  პატივი სცეს ფოტოგრაფთა სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლებას,“ – აცხადებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია,  „- ჩვენ შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ყველა განსასჯელს აქვს უფლება, დაცული იყოს მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია, სანამ არ დაუმტკიცებენ დანაშაულს; ასევე მას აქვს ადვოკატის შერჩევისა და ადეკვატური თავდაცვისთვის მომზადების უფლება; ასევე მას უნდა ჰქონდეს საშუალება, შეისწავლოს ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები თავდაცვის სასარგებლოდ; განსასჯელი ასევე არ უნდა გახადონ იძულებული, ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ თავისივე ბრალეულობის დასამტკიცებლად.“

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროცედურული გარანტიები ყველა განსასჯელისთვის მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და კანონის უზენაესობისთვის საქართველოში.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ, საქართველოში ფოტოგრაფების საქმეზე უზრუნველყონ მონიტორინგი, რათა დარწმუნდნენ, რომ საქართველოს მთავრობა პატივს სცემს ადამინის უფლებებსა და კანონს ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი