ახალი ამბები

“საქართველოს მთავრობა უკრაინელ ჟურნალისტებსაც გადაწვდა”

19 ივლისი, 2011 • 943
“საქართველოს მთავრობა უკრაინელ ჟურნალისტებსაც გადაწვდა”

“საქართველოს საელჩო უკრაინაში ბოდიშს უხდის აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებსა და უკრაინის საზოგადოებას მომხდარის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საგარო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

გუშინვე, 18 ივლისს, უკრაინულ მედიაში გამოჩნდა სტატია სახელწოდებით: “საქართველოს მთავრობა უკრაინელ ჟურნალისტებსაც გადაწვდა”, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა ცემეს ჟურნალისტები და ქალთა მოძრაობა FEMEN–ის აქტივისტები, რომლებიც მშვიდობიან აქციას მართავდნენ საელჩოს წინ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად.

FEMEN–ის გაშიშვლებული აქტივისტები ბუტაფორიული ფოტოაპარატებითა და საცვალზე წარწერით – press მივიდნენ საქართველოს საელჩოს შენობასთან. მათ ხელში ეჭირათ პლაკატი წარწერით – No photo – No democracy.

აქციას სახელწოდებით – “ფოტონადირობა” უკრაინული მედიის წარმომადგენლები აშუქებდნენ, რა დროსაც, საელჩოს თანამშრომელმა მამაკაცმა აქტივისტების დაშლა დაიწყო, შემდეგ კი ფოტოგრაფებისა და ოპერატორების ცემაზე გადავიდა, რათა მათ შეეწყვიტათ გადაღების პროცესი. ვიდეოფირზე აღბეჭდილია, თუ როგორ ურტყამს თავში აღნიშნული მამაკაცი ერთ–ერთ ფოტორეპორტიორს, რომელმაც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ტვინის შერყევა მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს, უკრაინის საელჩოში შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მომუშავე დაცვის თანამშრომელი იყო, რომლიც გუშინვე დაითხოვეს სამსახურიდან. ამას გარდა, საქართველოს საელჩომ უკრაინაში სინანული გამოთქვა მომხდარი ფაქტის გამო.

უკრაინული მედიის წარმომადგენლები ქართველი ფოტოგრაფების მხარდამჭერი აქციის გამართვას კიევში დღესაც აპირებენ. ამას გარდა, გუშინდელი ფაქტის გამო დაზარალებულმა ფოტორეპორტიორმა, ადგილობრივი მედიის ცნობით, მიმართა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს.

ამავე თემაზე:

ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან[Video]

მასალების გადაბეჭდვის წესი