ახალი ფრაქცია პარლამენტში

“ერთობა სამართლიანობისთვის” – ასე ჰქვია ახალ ფრაქციას, რომელიც პარლამენტში შეიქმნა. ფრაქციაში გაწევრიანებულია ექვსი დეპუტატი: გიორგი ცაგარეიშვილი, პეტრე მამრაძე, ჯონდო ბაღათურია, კარლო კოპალიანი, თამაზ დიასამიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე. ფრაქციის ხელმძღვანელი ყოველ ხუთ თვეში როტაციული პრინციპით შეიცვლება. ამჟამად მას სათავეში გიორგი ცაგარეიშვილი ჩაუდგა.

ახალშექმნილი ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ფრაქციის შექმნის აუცილებლობას მასში გაერთიანებული დეპუტატები დიდი ხანია ხედავდნენ, თუმცა  ეს პროცესი 26 მაისის მოვლენებმა და ხელისუფლებასთან ოპოზიციური პარტიების  მოლაპარაკებების ჩაშლამ დააჩქარა. მისი თქმით, პარლამენტში 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის საკითხის დაყენებას ფრაქცია ბიუროს პირველივე სხდომაზე გეგმავს.

ფრაქცია, დამფუძნებლების განმარტებით, საპარლამენტო  უმრავლესობისა და უმცირესობისგან დამოუკიდებლად იარსებებს. ისინი, ასევე, აპირებენ ფრაქციის უფლებამისილება გამოიყენონ და პარლამენტის ვიცე–სპიკერის ვაკანტურ თანამდებობაზე  ჯონდი ბაღათურიას კანდიდატურა წარადგინონ.

გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ფრაქცია მკვეთრად ოპოზიციური და პარლამენტგარე პოლიტიკური პარტიების საიმედო საყრდენი იქნება.

“როგორც უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქცია, პარლამენტში ჩვენ ვიქნებით მესამე ძალა, რომელიც იქნება ყველა პოლიტიკური გაერთიანების ჯანსაღი პოლიტიკური აზრის გამტარებელი, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტის გარეთ”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი