ახალი ამბები

პროკურატურა ფოტოგრაფების საქმეზე დამატებით ინფორმაციას 16:00 საათზე გაავრცელებს

18 ივლისი, 2011 • 920
პროკურატურა ფოტოგრაფების საქმეზე დამატებით ინფორმაციას 16:00 საათზე გაავრცელებს

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე გამოძიების ახალ დეტალებს საქართველოს პროკურატურა დღეს, 16:00 საათზე, გაავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მთავარი პროკურატურის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

“ალია ჰოლდინგის” ფოტორეპორტიორი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე – გაზეთ “პრაიმ–ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და “ასოშეიტედ პრესის” ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი შსს–მ 7 ივლისს დააკავა. აივაზოვი დაკავებიდან რამდენიმე საათში ბრალის წაუყენებლად გაათავისუფლეს, ნათია გედენიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოდან 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

დაკავებულ ფოტოგრაფებს ბრალი ჯაშუშობაში ედებათ. შსს–მ ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენება 9 ივლისს გამოაქვეყნა. ადვოკატების ცნობით, რამდენიმე დღის წინ აღიარებითი ჩვენებები მისცეს აბდალაძემაც და ქურციკიძემაც. სავარაუდოდ, ამ აღიარებით ჩვენებებს პროკურატურა გამოძიების ახალ დეტალებთან ერთად დღეს, 16:00 საათზე, ზუსტად იმ დროს გაავრცელებს, როდესაც სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების წინ (იქ, სადაც ამ დროისთვის იმყოფებიან დაკავებული ფოტორეპორტიორები) დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი