ახალი ამბები

აქცია – “პროტესტი”

18 ივლისი, 2011 • 1262
აქცია – “პროტესტი”

საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი გაზეთებისა და ინტერნეტგამოცემების პირველ გვერდებზე დღეს ფოტოების ნაცვლად ჩარჩოებია გამოქვეყნებული, წარწერით – “პროტესტი”. ამ ფორმით აქციის მონაწილე მედია–ორგანიზაციები ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

აქციის ორგანიზატორი “საქართველოს პრესის ასოციაციაა”. გუშინ, 17 ივლისს, “საქართველოს პრესის ასოციაციამ” გაავრცელა მიმართვა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ჟურნალისტური გაერთიანებების, საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადებისადმი. მიმართვას ხელს აწერს 43 ორგანიზაცია – ჟურნალისტური გაერთიანებები, დამოუკიდებელი გაზეთები, ტელევიზიები, ინტერნეტ-გამოცემები და სააგენტოები. მიმართვის ტექსტი ასეთია:

“უკვე კვირაზე მეტია, არ წყდება ჟურნალისტების საპროტესტო აქციები. ქართველი ფოტორეპორტიორები – გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრალის დამადასტურებელი ფაქტობრივი მტკიცებულებები წარმოდგენილი დღემდე არ ყოფილა. საეჭვო ვითარებაში იძულებით მიღებული აღიარებები ვერ გვარწმუნებენ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობაში.

ამ ადამიანების ღამეულმა დაკავებებმა, მათ მიმართ განხორციელებულმა საპროცესო ქმდებებმა, საქმის მასალების გასაიდუმლოებამ, ჟურნალისტების საპროტესტო აქციებისა და შეკითხვების მიმართ ხელისუფლების ცინიკურმა დამოკიდებულებამ და სატელევიზიო ინსინუაციებმა დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ჩვენ მომხდარს აღვიქვამთ, როგორც შურისძიებას და დევნას სიმართლის ასახვისათვის, რაც ხელისუფლების მიერ დემოკრატიულ განვითარებაზე ფაქტობრივად უარის თქმას ნიშნავს.

მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედებები, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ რიგში პრეზიდენტს და ძალოვანი უწყებების პირველ პირებს, ლახავს ჩვენი, როგორც მედიის წარმომადგენლების, უფლებებს და უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, არ მოადუნონ ყურადღება ამ საქმესთან დაკავშირებით.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების წერილობითი შუამდგომლობა და თავდებით გაათავისუფლოს გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო გახადოს საქმის მასალები. შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა მათი პროფესიული საქმიანობის გამო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი