ახალი ამბები

როგორ მისცა აღიარებითი ჩვენება აბდალაძემ

16 ივლისი, 2011 • 1122
როგორ მისცა აღიარებითი ჩვენება აბდალაძემ

გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენება სამი ვიდეოკამერით ჩაიწერეს– ამბობს დაკავებული ფოტორეპორტიორის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე.

მისი თქმით, აღიარებითი ჩვენება გიორგი აბდალაძემ დღეს მისცა. ადვოკატმა  მნიშვნელოვნად მიიჩნია მოეყოლა, აღიარებითი ჩვენების მიცემის პროცესის  დეტალების შესახებ.

„როგორც იცით, ის არ აღიარებდა დანაშაულს და გუშინ მიმართა პატრიარქს, რომ ეშუამდგომლა პრეზიდენტთან. გუშინ საღამოს შევხდი დაკავებულს და იყო იგივე პოზიციაზე– არ აღიარებდა დანაშაულს. გუშინვე გვიან ღამით, დაახლოებით 23.00–24.00 საათზე დაგვიკავშირდა გამომძიებელი და გვთხოვა მივსულიყავით დღეს , რადგან აბდალაძეს რაღაცის თქმა სურდა“,– განუცხადა ჩინჩალაძემ ნეტგაზეთს.

მისივე მონაყოლით, ოთხივე ადვოკატი მივიდა დაკავებულთან და მანამ, ვიდრე იყვნენ მარტო, ანუ გამომძიებლის და პროკურორის გარეშე, უთხრა, რომ არ აღიარებდა დანაშაულს.

„შემოვიდა გამომძიებელი და პროკურორი და ჰკითხეს, ხომ არ იყო წინააღმდეგი, რომ გადაეღოთ დაკითხვა. პასუხად მიიღო, რომ არა. ამის შემდეგ, როცა კამერები ჩართეს და კითხეს, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ, უპასუხა, რომ „არა“. მეორედ როცა დაუსვეს იგივე კითხვა, უპასუხა, რომ „ნაწილობრივ“. მესამედაც კითხეს და აბდალაძემ განაცხადა, რომ „აღიარებს“ დანაშაულს“.

ადვოკატი ამბობს, რომ აბდალაძეს არ აღენიშნება ფიზიკური ზეწოლის კვალი. „რაც შეეხება ფსიქოლოგიურს, თქვენ თავად და საზოგადოებამ განსაჯოს იმის მიხედვით, რაც წინ უძღოდა ამ აღიარებით ჩვენებას”.

სამართალდამაცებს ჯერ არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია აბდალაძის აღიარებითი ჩვენების შესახებ. ადვოკატი  არ საუბრობს, რა აღიარა აბდალაძემ და რაზე ისაუბრა აღიარებითი ჩვენების დროს – რადგან საქმე “გრიფით” დახურულიაო.

გიორგი აბდალაძე 7 ივლისს დააკავეს სამართალდამცავებმა ჯაშუშობის ბრალდებით პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფთან და სხვა ფოტორეპორტიორებთან ერთად. აბდალაძე რამდენიმე დღეს შიმშილობდა და არ აღიარებდა დანაშაულს. მან, ადვოკატების მეშვეობით, გაავრცელა მიმართვები პრეზიდენტის, საქართველოში აშშ–ს ელჩის და პატრიარქის სახელზე.

გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც  აბდალაძემ ადვოკატს ზეპირი საშუალებით გადასცა, ფოტორეპორტიორი თავის დაკავებას უკავშირებდა 26 მაისს გადაღებულ ფოტოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი