ახალი ამბები

პროკურატურა: ფოტოგრაფების საქმე იქნება საჯარო

13 ივლისი, 2011 • 1278
პროკურატურა: ფოტოგრაფების საქმე იქნება საჯარო

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის, გიორგი აბდალაძის და ნათელა გედენიძის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის განხილვის საჯაროობა და გამჭვირვალეობა.

კერძოდ, საქმე სასამართლოში განიხილება საჯაროდ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა დაესწროს სასამართლოს სხდომებს.

პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, დახურულ სხდომაზე განიხილოს მხოლოდ მტკიცებულებათა ის მცირე ნაწილი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხათუნა იოსავას თქმით, საქმის გასაჯაროება მოხდება მხოლოდ სასამართლო განხილვის დროს.

მანამდე კი, საქმეზე კვლავ დარჩება გრიფი საიდუმლო და შესაბამისად, ადვოკატებს სასამართლო განხილვებამდე კვლავ რჩებათ დუმილის ვალდებულება.

ფოტოგრაფების საქმის სასამართლო განხილვა 1 სექტემბერს დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი