ახალი ამბები

მერაბიშვილი ჯერ უცხოური და შემდეგ ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

13 ივლისი, 2011 • 963
მერაბიშვილი ჯერ უცხოური და შემდეგ ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

ქართული მედიისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა “როიტერის”, “ბლუმბერგის,”“ასოშეიტედ პრესისა” და “ფრანს პრესის” წარმომადგენლებთან საქართველოს შინაგან სამინისტროს ინიციატიავით გაიმართა. შეხვედრას არ ესწრებოდნენ “ბიბისის” წარმომადგენელი.

უცხოური მედიის წარმომადგენლები მინისტრთან შესახვედრად დღეს 13:00 საათზე მივიდნენ სამინისტროში. შეხვედრამ 2 საათს გასტანა, რის შემდეგაც, 15:00 საათზე სამინისტროში ქართული მედიის წარმომადგენლები შევიდნენ.

“როიტერის” კორესპონდენტის მაკა ანთიძის თქმით, მინისტრთან შეხვედრის ნაწილი ღია იყო, ნაწილი კი – დახურული. საუბარი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს შეეხებოდა. უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შს მინისტრის შეხვედრის ღია ნაწილის შესახებ მასალებს, მათ შორის ვიდეომასალებს აღნიშნული მედიაორგანიზაციები  დღესვე გაავრცელებენ.

ქართული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სამინისტროს მოთხოვნით, მთლიანად დახურულია ვიდეო და აუდიო ჩანაწერებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი