ახალი ამბები

გიგა ბოკერია დაკავებულ ფოტოგრაფებზე

13 ივლისი, 2011 • 1121
გიგა ბოკერია დაკავებულ ფოტოგრაფებზე

უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ 12 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „დიალოგი“ დაკავებულ ფოტოგრაფებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ბოკერიას თქმით, მისთვის აბსოლუტურად გასაგებია ინტერესი, რომელიც არსებობს საზოგადოების ნაწილში.

„ეს ჩვეულებრივი რამეა, როდესაც ასეთი ხმაურიანი ამბავი ხდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს გარანტირებული კონსტიტუციური უფლება, რომ ამ ტიპის საქმეებზე სასამართლო პროცესი მთლიანად გახსნილი იქნება.

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის შეთქმულების თეორიები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მოვისმინე, –რომ ეს არის რაღაც ფორმით პრესის თავისუფლების შეზღუდვა, ან მედიის წინააღმდეგი კამპანია და ა.შ. რაღაც საფუძველი ამ ტიპის შეთქმულების თეორიის უნდა გქონდეს, არ შეიძლება ასე სროლა სიტყვების, როდესაც არანაირი საფუძველი ამ შემთხვევაში ამის არ არსებობს. კარგი იქნებოდა, ის ადამიანები, რომლებიც გულსწრფელად არიან შეწუხებულები, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ ტიპის განგაშის ზარების შემოკვრას“–განაცხადა ბოკერიამ.

შეთქმულების თეორიად შეაფასა მან ასევე ბრალდების ვერსია, რომ ფოტოგრაფები 26 26 მაისს გადაღებული ფოტოებისთვის არიან დაკავებულები.

„იქ ათობით სხვა ფოტოგრაფიც იყო. ეს ფაქტი არ არის სასიხარულო არავისთვის ხელისუფლებაში. პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი პრაქტიკულად არის ბრალდებული ძალიან სერიოზულ საქმეში.

ბუნებრივია საქმე სასამართლოში გაირკვევა. ცოტა გაუგებარია ჩემთვის, „ვერ გავიგე, რაშია საქმე“, ასეც არ არის. ჯაშუშობის ბრალდება აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, რაც არ უკავშირდება რაიმე ქმედებას, რომელიც ჟურნალისტურ ასპექტს შეიძლება შეიცავდეს. ბრალდება შეეხება კონფიდენციალური და გრიფით საიდუმლო დოკუმენტაციის გადაცემას იმ ადამიანის მიერ ვისაც ხელი მიუწვდებოდა და ჰქონდა შანსი მისი მოპოვების. ასე რომ ის, რაც ითქვა, ჩემი აზრით არის გასაგები“,–აღნიშნა გიგია ბოკერიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი