ახალი ამბები

სასამართლომ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებაში ბრალდებულს 5 ათასი ლარის გირაო შეუფარდა

18 მარტი, 2016 • 1065
სასამართლომ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებაში ბრალდებულს 5 ათასი ლარის გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის ბრალდებულს 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

სასამართლოს განჩინების მიხედვით, ბრალდებულ ი. ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულ ნ. ხ.-ს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

სასამართლოს განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალად მიჩნეული ქმედების ხასიათი, სპეციფიკა და ბრალდებულის პიროვნება.

ი. ჩ-ს ბრალად ედება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლების – პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა, რომელიც განხორციელდა ანგარებით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მხრიდან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.

საქმეზე ორივე ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 21 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მათ ბრალად ედებათ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება, ჩადენილი ანგარებით, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში განჩინება საჩივრდება ერთჯერადად, მისი გამოცხადებიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი