ახალი ამბები

სინოდის კრება და მართლმადიდებლების პროტესტი

11 ივლისი, 2011 • 1479
სინოდის კრება და მართლმადიდებლების პროტესტი

16.00 ნეტგაზეთი

საპატრიარქოს ჯერ ისევ არ გაუვრცელებია ინფორმაცია სინოდის გადაწყვეტილების შესახებ. შენობა უკვე დატოვა რამდენიმე სასულიერო პირმა, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებიათ. მეუფე სერაფიმემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს სინოდი აპირებს დაწყევლოს დეპუტატები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ამ ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება ქრისტიანობას.

მან ასევე ისაუბრა ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეზე, რომელმაც გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ისაუბრა ეკლესიის და ხელისუფლების დაპირისპირებაზე და განაცახადა, რომ ორივე მხარე იბრძვის ძალაუფლებისთვის. მეუფე სერაფიმემ სისულელე უწოდა იმ აზრს, რომ საქართველოს პატრიარქს ძალაუფლება სურს.

საპატრიარქოს შენობასთან შეკრებილი მრევლი ისე დაიშალა, რომ მათთვის არავის განუმარტავს რა გადაწყვეტილება მიიღეს მღვდელმთავრებმა.

15.02 ნეტგაზეთი

მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის კრებამ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო, რაც წაადგება მომავალში საქართველოსაც და ეკლესიასაც– განაცხადა  საპატრიარქოს შენობიდან გამოსულმა მეუფე იობიმ  წმინდა  სინოდის კრების კრების დასრულების შემდეგ. რას ნიშნავს კომპრომისული გადაწყვეტილება, არ განუმარტავს. საპატრიაქროს ჯერჯერობით აერ გავუვრცელებია ცნობები სინოდის კრების შესახებ. ამ დროისთვის საპატრიარქოსთან 300–მდე მართლმადიდებელი მრევლის წევრია შეკრებილი.

11.30 ნეტგაზეთი

საპატრიარქოში წმინდა სინოდის კრება 10.00 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის საპატრიარქოს შენობასთან შეკრებილია რამდენიმე ასეული მოქალაქე–მართლმადიდებელი მრევლი. საპატრიაქროსთან სასულიერო პირების მხრიდან გაისმის არმენოფობიური მოსაზრებები და ასევე პარლამენტის წევრების შესაძლო შეჩვენების საკითხი სინოდის კრებაზე.

 

09.40. ნეტგაზეთი

დღეს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრება გაიმართება. მართლმადიდებელი მრევლი კი საპატრიარქოსთან შეიკრიბება თბილისში. მრევლი აქციას გეგმავს ბათუმშიც.

ოფიციალური ცნობა სინოდის კრებაზე განსახილველ საკითხებთან  დაკავშირებით  საპატრიაქროს თავის ვებ გვერდზე არ გაუვრცელებია, თუმცა სასულიერო პირები 10 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციაზე აცხადებდნენ, რომ სინოდი იმსჯელებს პარლამენტის მიერ სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებსა და ბიომეტრულ პასპორტებზე.

ბიომეტრული პასპორტების, ისევე როგორც პლასტიკური ბარათების თემა ისევ წამოწია ეკლესიამ 10 ივლისს გამართულ აქციაზე. მანამდე საპატრიაქროს ბეჭდურ გამოცემებში ქვეყნდებოდა სტატიები ამ თემაზე. ეკლესია ფიქრობს, რომ ბიომეტრულ პასპორტებსა და პლასტიკურ ბარათები ანტიქრისტიანულ სიმბოლიკას შეიცავს.

მართლმადიდებელმა მრევლმა საპროტესტო მსვლელობა და ლოცვა ქუჩაში 9–10 ივლისს მოაწყო თბილისში.

გუშინ თბილისში მოქმედი მართლმადიდებლური ტაძრების მღვდელმსახურების მოწოდებით, მრევლმა საპროტესტო მსვლელობა 12:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარიდან დაიწყო.

მეტეხის ხიდზე შეკრებილმა მრევლმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მძღოლს, რის შემდეგაც მძღოლი იძულებული გახდა ხიდიდან უკან დაებრუნებინა მანქანა.

ინციდენტის შემდეგ კი მრევლმა მეტეხის ხიდზე საქართველოს ბოროტი ძალებისგან დასაცავი ლოცვა დაჩოქილმა შეასრულა.  მსვლელობის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას ჯვარი გადასახეს და „ბოროტი ძალებისგან დაცვის“ ლოცვა შეასრულეს.

მრევლის აქცია გაიმართა 9 ივლისსაც. მაშინ მართლმადიდებლებმა მსვლელობა ქაშუეთის ეკლესიიდან სამების ტაძრისკენ მოაწყვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი