ახალი ამბები

მახსოვს – ოპოზიციის ახალი სლოგანი ცვლილებებისთვის

8 ივლისი, 2011 •
მახსოვს – ოპოზიციის ახალი სლოგანი ცვლილებებისთვის

კოალიცია „თავისუფალი არჩევანი“  დაშლილი „ოპოზიციური რვიანის“ ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ შექმნა. ისინი უკვე არა მხოლოდ საარჩევნო, არამედ  საარსებო გარემოს შეცვლასაც აპირებენ.

დაშლილი „ოპოზიციური რვიანის“ ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ  „ეროვნულმა ფორუმმა“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „კონსერვატიულმა პარტიამ“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „საქართველოს გზამ“ და „ხალხის პარტიამ“ სამოქმედო გეგმები დღეს საზოგადოებას ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის დარბაზში, დაახლოებით 1000 ზე მეტ მოქალაქეს გააცნეს.

ხალხის წინაშე პირველად „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით უსუფაშვილი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ 2011 წლის ივნისში, მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ხელისუფლება საერთაშორისო ზეწოლით იძულებული ხდებოდა საერთო ენა გამოენახა ოპოზიციასთან, მათ ზოგმა კოლეგამ ვერ გაუძლო შანტაჟს, ბრძოლა შეწყვიტა და ხელისუფლებას მინიმალური დათმობების პაკეტზე შეუთანხმდა.

„ჩვენ შეუძლებლად ჩავთვალეთ ამ გზით სიარული, ვინაიდან იგი კვლავ მიგვიყვანდა ერთპარტიულ პარლამენტამდე, რომელშიც მცირერიცხოვან ოპოზიციას მხოლოდ საპატიო დეკორაციის ფუნქცია აკისრია“, –აღნიშნა უსუფაშვილმა.

“საარჩევნო გარემოს მთავარი შემადგენელია თავისუფალი არჩევანისა და საკუთარი ხმის დასაცავად მებრძოლი ამომრჩეველი. ჩვენ ფეხზე დავაყენებთ საკუთარი თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, კეთილდღეობისთვის მებრძოლ მილიონ საქართველოს მოქალაქეს, რომლებსაც უგუნურმა ხელისუფლებამ პოლიტიკური უფლებები აჰყარა და სიღატაკისთვის გაწირა. ამ მიზნით, ჩვენ შევხვდებით საქართველოს ყოველ მოქალაქეს და შევთავაზებთ თანამონაწილეობას თავისუფალი და ღირსეული მომავლისათვის ბრძოლაში, იქნება ეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თუ საარსებო მინიმუმით ყველა ოჯახის უზრუნველყოფის საკითხები.

თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის ბრძოლა თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საქმეა და არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ასპარეზი. ამიტომ, ჩვენ, „თავისუფალი არჩევანისათვის“ სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში, თანამშრომლობისთვის მზად ვართ ყველასთან, ვინც იზიარებს გაცხადებულ ხედვებსა და პოზიციებს. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფალი არჩევანისათვის არის დასახული მიზნის მისაღწევად პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ქმედებათა ერთობლიობა. ყველას, თვითეულ მოქალაქეს, შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საერთო საქმეში.

ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ ხელისუფლების რეპრესიულ და პროპაგანდისტულ მანქანას, რომელიც მრავალ ჩვენს თანამოქალაქეს აშანტაჟებს, თავგზას უბნევს და ხელისუფლების მორჩილ ხმის მიმცემად აქცევს”-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

“დაიწყო ეროვნული მასშტაბის კამპანია „მახსოვს!“, რომელიც ყოველი მოქალაქისთვის აშკარას გახდის მატყუარა, მოძალადე, უსამართლო ხელისუფლების ჭეშმარიტ სახეს. კამპანია „მახსოვს!“ გასტანს საპარლამენტო არჩევნებამდე და განხორციელდება ინფორმაციის გავრცელების ყველა შესაძლო საშუალებით (პლაკატები, სატელეფონო გზავნილები, სოციალური ინტერნეტ მედია, ვიდეო რგოლები, სატელევიზიო გზავნილები, საგაზეთო სტატიები, ბროშურები და სხვ.). კამპანიაში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები, პედაგოგები, უმუშევრები, დევნილები, ვეტერანები, პენსიონერები, ექსპერტები, უცხოეთში გადახვეწილები, უფლებადამცველები და სხვა პროფესიული და სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები ხელისუფლებას და ჩვენს თანამოქალაქეებს ყოველდღიურად შეახსენებენ თუ რისი დავიწყება არ შეიძლება და რატომაა აუცილებელი უკეთესი ხელისუფლება.

იწყება სათანადო კვალიფიკაციის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მიერ მასშტაბური საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება ხელისუფლების იმ ქმედებებზე და გადაწყვეტილებებზე, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე.

დაგეგმილია აქტიური პოზიციების მქონე მოქლაქეების პოლიტიკური რეპრესიებისგან დაცვის ქმედითი სისტემის ამოქმედება, რაც მოიცავს მათთვის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფასა და საერთაშორისო ორგანიზაციებამდე ყოველი ასეთი ფაქტის დროულ მიტანას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი