ახალი ამბები

თამარ სანიკიძე თსუ-ს აკადემიურ საბჭოს, რექტორსა და სენატის წევრებს შეხვდება

16 მარტი, 2016 • 1144
თამარ სანიკიძე თსუ-ს აკადემიურ საბჭოს, რექტორსა და სენატის წევრებს შეხვდება

საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, დღეს, 16 მარტს, 17 საათზე, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრულ შემადგენლობას შეხვდება. შეხვედრას ასევე  დაესწრებიან უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა, რექტორის მოადგილე და სენატის წევრები.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა განათლების სამინისტროში გაიმართება.

გუშინ, 15 მარტს, თსუ-ში სტუდენტების აქციის მეექვსე დღეს, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა მოუწოდა განათლების მინისტრს, რომ შეხვედროდა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. პრემიერის განცხადების შემდეგ ეს შეხვედრა დაინიშნა, თუმცა მას თსუ-ს აუდიტორია 115-ის წევრები არ დასწრებიან. განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი შერვაშიძე და თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ სტუდენტებთან, თუმცა შეთანხმებას მხოლოდ აუდიტორია 115-ის სტუდენტებთან მიაღწიეს. სტუდენტური თვითმმართველობის წევრები კვლავ დაჟინებით ითხოვენ რექტორის გადადგომას.

დღეს სტუდენტების ორივე ჯგუფმა თსუ-სთან პარალელურ აქციები გამართა. აუდიტორია #115-ის წევრებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, თვითმმართველობის სისტემის სტრუქტურული რეფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას უნივერსიტეტის ფინანსებზე დაშვების უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ასევე, უნდა გამოიძიონ თსუ-ში მომუშავე ოდეერის საკითხი.

რაც შეეხევა სტუდენტურ თვითმმართველობას, ისინი კვლავ რექტორის, ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი